ჩინეთში ახალი საინჟინრო რეკორდი დაამყარეს. გუიჟოუს პროვინციაში ხუაძიანგის კანიონის ხიდი გაიხსნა, რომელიც კანიონის ფსკერიდან 625 მეტრის სიმაღლეზეა გადაჭიმული. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში ყველაზე მაღალ საავტომობილო ხიდად ითვლება.
ხიდი Liuzhi Anlong-ის ავტომაგისტრალის ნაწილია და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე რთული რელიეფის მქონე რეგიონს აკავშირებს დანარჩენ ტერიტორიებთან. გუიჟოუს პროვინცია წლების განმავლობაში სწორედ მთიანი ლანდშაფტის გამო იზოლირებულად ითვლებოდა, ახალი ხიდი კი ადგილობრივებისთვის გადაადგილებას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი შედეგი დროის შემცირებაა. ხეობაზე გადასასვლელად ადრე დაახლოებით 70 წუთი იყო საჭირო, ახლა კი იგივე მანძილის გავლა დაახლოებით ერთ წუთშია შესაძლებელი. მშენებლობა 2022 წლის დასაწყისში დაიწყო და 2025 წლის სექტემბერში დასრულდა.
ხუაძიანგის კანიონის ხიდი მხოლოდ სიმაღლით არ გამოირჩევა. მშენებლობისას ინჟინრებმა მიწისქვეშა კარსტული წყლების ძლიერი ნაკადი აღმოაჩინეს. იმის ნაცვლად, რომ წყალი უბრალოდ გარეთ გაეყვანათ, მათ 4000 კუბური მეტრის ტევადობის რეზერვუარი ააშენეს და წყლის გამოყენებისთვის რამდენიმე ფუნქცია განსაზღვრეს.
წყალი საგზაო მოსასვენებელ ზონას ამარაგებს, ასევე კანიონის მეორე მხარეს არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და ბაღებს რწყავს. დარჩენილი წყალი კი ხიდის შუაგულიდან ეშვება და დაახლოებით 300 მეტრის სიგანის ხელოვნურ ჩანჩქერს ქმნის. წყალი მდინარისკენ 606 მეტრის სიმაღლიდან ვარდება, რის გამოც ჩინური სახელმწიფო მედია მას მსოფლიოში ყველაზე მაღალ ხელოვნურ ჩანჩქერს უწოდებს.
დაღამებისას ჩანჩქერი ლაზერული განათებით ფერადდება, რაც ხიდს ტურისტულ ღირსშესანიშნაობადაც აქცევს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მხოლოდ ჩინური ახალი წლის პერიოდში ხიდს დაახლოებით 300 000 ადამიანი ესტუმრა, ხოლო მასზე 70 000-ზე მეტმა ავტომობილმა გაიარა.
პროექტი ტურისტებისთვის დამატებით სივრცეებსაც მოიცავს. ხიდზე მოწყობილია შუშის ლიფტი, რომელიც დამთვალიერებლებს ერთ-ერთი საყრდენი კოშკის ზედა ნაწილში მდებარე კაფემდე აჰყავს. ასევე გათვალისწინებულია სპეციალური პლატფორმები ბანჯი ჯამფინგისა და პარაპლანით ფრენისთვის.
ხუაძიანგის კანიონის ხიდი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩინეთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით მსოფლიო ლიდერობას ინარჩუნებს. პლანეტის 54 ყველაზე მაღალი ხიდიდან 50 სწორედ ჩინეთში მდებარეობს, ახალი ხიდი კი ამ სიაში პირველ ადგილს იკავებს.