ჩინურმა საინჟინრო კომპანიამ ბაზარზე მასობრივი წარმოების ჰუმანოიდი რობოტი გამოუშვა, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს ადამიანს. მწარმოებლები თვლიან, რომ რობოტექნიკის მომავალი სწორედ ადამიანებისთვის ემოციური მხარდაჭერის აღმოჩენაშია. ბრენდის კრეატიული გუნდის ხედვით, ადამიანისა და რობოტის მეგობრობაზე დაფუძნებული ეკონომიკა არის სრულიად ახალი სცენარი, რომელიც მომხმარებელს უსაზღვრო ემოციურ ღირებულებასა და მთელი ცხოვრების მანძილზე მუდმივ მეგობრობას სთავაზობს.
რობოტს აქვს უნარი, აქტიურად აწარმოოს დიალოგი, იგრძნოს საუბრის ტონი და შეინარჩუნოს თვალით კონტაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზები ჯერ კიდევ ბევრია და მას ნამდვილ ადამიანში ვერავინ აურევს, ეს მაინც საგულისხმო ნახტომია ტექნოლოგიების ფიზიკურ ევოლუციაში.
რობოტს სპეციალური სილიკონის კანი აქვს, რომელიც შეხებისას საოცრად ჰგავს ადამიანისას, თუმცა ცივია. სამწუხაროდ, იდეალურისგან ჯერ კიდევ შორსაა, რადგან სახსრების მოძრაობა დაუყოვნებლივ გასცემს კანქვეშ დამალულ მოტორებს. მისი ფიზიკური შესაძლებლობები შეზღუდულია, კუნთები ადამიანურად არ მოძრაობს, ხოლო მისი ემოციური ინტელექტი, რეალური გრძნობების ნაცვლად, ენობრივი მოდელების პროგნოზებსა და შაბლონების ამოცნობაზეა დაფუძნებული.
ტექნიკური თვალსაზრისით, ადამიანის სახე ორმოცდასამი კუნთისგან შედგება და ათი ათასამდე მიკროექსპრესიის შექმნა შეუძლია. რობოტში ამ კუნთების დაჭიმვისა და მოდუნების დახვეწილი დინამიკა ჯერ კიდევ არ არსებობს. ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა სწორედ რთული მექანიკური სისტემების ადამიანის ზომის სხეულში მოთავსება და სახის გამომეტყველების მეტყველებასთან სინქრონიზაცია იყო, რადგან ერთ თავში ათასობით მჭიდროდ განლაგებული კომპონენტია და არცერთი მათგანი არ უნდა ჩამორჩეს საუბრის ტემპს. მეტყვლებისას ტუჩების, ენისა და ხორხის მოძრაობის ზუსტი იმიტაცია კი ტექნოლოგიულად ჯერ კიდევ ათწლეულებით არის დაშორებული იდეალისგან.
რობოტის სახლში განთავსება ბევრად რთულია, ვიდრე ინდუსტრიულ გარემოში, სადაც დავალებები განმეორებადია. სახლში ავეჯი ადგილს იცვლის, იატაკზე ნივთებია მიმოფანტული და მოძრაობენ ბავშვები თუ შინაური ცხოველები, რომლებსაც რობოტი არ უნდა წამოედოს.
ონლაინ პლატფორმაზე პროდუქტის გვერდმა მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, ხოლო ჯავშნების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა ცამეტ ათასს.
წყარო: Fastcompany, www.marketer.ge