საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ავსტრია და პორტუგალია ითხოვენ გამონაკლისებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტიდან ან ბლოკავენ ინდივიდუალურ შემოთავაზებულ ზომებსბ – ამის შესახებ Financial Times-ი მოლაპარაკებებში მონაწილე ხუთ ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით იტყობინება.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტის მიღება მხოლოდ ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერით არის შესაძლებელი. თუ ქვეყნები საკუთარი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე სულ უფრო მეტად დაბლოკავენ ან შეასუსტებენ სანქციებს, ევროკავშირისთვის რუსეთზე ზეწოლის გაზრდა უფრო რთული იქნება.
გამოცემის წყაროების ცნობით, ამ ტენდენციამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უკრაინის მხარდაჭერის ოთხწლიან სტრატეგიას. ევროპული ქვეყნები სულ უფრო ერიდებიან სანქციებზე დათანხმებას, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ევროკავშირის იმ კომპანიებს, რომლებიც კვლავ იღებენ მოგებას რუსეთთან ვაჭრობიდან.
ვინაიდან ევროკავშირის სანქციები მხოლოდ ერთხმად მიიღება, წევრი სახელმწიფოების ელჩები ცალკეული ქვეყნების წინააღმდეგობის გამო ოთხი დღის განმავლობაში ვერ შეთანხმდნენ შეზღუდვების ახალ, 21-ე პაკეტზე.
„მოლაპარაკებების მაგიდასთან მორალური იმპერატივი სულ უფრო სუსტად მოქმედებს. დედაქალაქები თანხმდებიან მკაცრ რიტორიკაზე და საუბრობენ სოლიდარობაზე, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ქრება“, - თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
ახალი სანქციების პაკეტი მოიცავს რუსული ექსპორტისა და ფინანსური სისტემის შეზღუდვებს, ასევე რუსული ნავთობის მაქსიმალური ფასის შენარჩუნების მექანიზმს. სწორედ ეს ზომები ხვდება სულ უფრო მეტად წინააღმდეგობას წევრი სახელმწიფოების მხრიდან.