საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2026 წლის პირველ ნახევარში გაიზარდა, თუმცა ექსპორტის ორნიშნა ზრდამ ქვეყნის ქრონიკული სავაჭრო დეფიციტის შემცირება ვერ უზრუნველყო. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ივნისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 5.8%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 20%-ით, 3.88 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც იმპორტმა მხოლოდ 0.7%-იანი ზრდა აჩვენა და 9.05 მილიარდი დოლარი შეადგინა. მიუხედავად ამისა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კვლავ მაღალი რჩება — პირველ ექვს თვეში მან 5.17 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40%-ს უდრის.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ექსპორტი კვლავ რამდენიმე ბაზარზეა კონცენტრირებული. იანვარ-ივნისში მთლიანი ექსპორტის თითქმის 70% მხოლოდ ათ ქვეყანაზე მოდიოდა, ხოლო უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები იყვნენ ყირგიზეთი (431.8 მლნ დოლარი), ჩინეთი (428.6 მლნ დოლარი) და აზერბაიჯანი (335.9 მლნ დოლარი).
ანალოგიური სურათია იმპორტშიც, სადაც ათი უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნის წილი 70.6%-ს აღწევს. საქართველოსთვის მთავარი მომწოდებლები თურქეთი (1.39 მლრდ დოლარი), რუსეთი (1.20 მლრდ დოლარი) და ჩინეთი (1.07 მლრდ დოლარი) იყვნენ.
სასაქონლო სტრუქტურაც მნიშვნელოვან ცვლილებებს არ აჩვენებს. ექსპორტში პირველ ადგილს კვლავ მსუბუქი ავტომობილები იკავებს — 938 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთლიანი ექსპორტის თითქმის მეოთხედია (24.2%). მას მოსდევს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 486.9 მილიონი დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია — 304.3 მილიონი დოლარით.
იმპორტშიც ლიდერობს მსუბუქი ავტომობილები — 1.62 მილიარდი აშშ დოლარით, რაც მთლიანი იმპორტის 17.8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები (811.8 მლნ დოლარი) და სამკურნალო საშუალებები (364.3 მლნ დოლარი).
მიუხედავად ექსპორტის მაღალი ტემპით ზრდისა, საგარეო ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველო კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე. ამასთან, ექსპორტის სტრუქტურაში დომინირებს რეექსპორტსა და რამდენიმე სასაქონლო ჯგუფზე დამოკიდებულება, ხოლო სავაჭრო დეფიციტი ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
