ცოტა ხნის წინ, Google-მა თავისი ღია ხელოვნური ინტელექტის მოდელის უახლესი ვერსია, Gemma 4 წარადგინა. წინა ვერსიებისგან და ზოგადად მოწინავე მოდელებისგან განსხვავებით, ის სრულად ღია კოდისაა და Apache 2.0 ლიცენზიით ვრცელდება. მოდელის გაშვება მომხმარებლებს ლოკალურად, საკუთარ მოწყობილობებზე შეუძლიათ.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს ლიცენზია დეველოპერებს სრულ მოქნილობასა და ციფრულ სუვერენიტეტს ანიჭებს, რაც მათ საკუთარ მონაცემებზე, ინფრასტრუქტურასა და მოდელებზე სრული კონტროლის დამყარების საშუალებას აძლევს. მათ შეუძლიათ თავისუფლად შექმნან და უსაფრთხოდ დანერგონ მოდელი ნებისმიერ გარემოში, იქნება ეს ლოკალური სერვერები თუ ქლაუდი. Google-ის პოპულარული მოდელის, Gemini-ის შესახებ წესით უკვე სმენიათ, რადგან ის კომპანიის თითქმის ყველა მთავარ პროდუქტში, მათ შორის საძიებო სისტემაში, ელფოსტაში, დოკუმენტებსა და ქლაუდშია ინტეგრირებული. Gemma ასევე დიდი ენობრივი მოდელია და ზუსტად იმავე ტექნოლოგიასა და კვლევებზე დაყრდნობით შეიქმნა, რითაც Google DeepMind-მა Gemini 3 ააწყო, თუმცა კომპანია Gemma 4-ს თავის ყველაზე მძლავრ ღია მოდელად მიიჩნევს.

მათ შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ Gemini ფასიანი, სააბონენტო სისტემაზე მომუშავე დახურული პროდუქტია, Gemma 4 კი – სრულად ღია. ეს ნიშნავს, რომ კოდი და მონაცემები, რომელზეც ის გაიწვრთნა, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია. მისი გაშვება ლოკალურ ტექნიკაზე ინტერნეტის გარეშეცაა შესაძლებელი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ის სრულიად უფასოდ გადმოწეროს. ვინაიდან მიმოწერები, ატვირთული ფაილები და პასუხები მესამე პირებს არ ეგზავნება, ის ბევრად უფრო პირად და უსაფრთხო გამოცდილებას უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით მიმზიდველია დეველოპერებისთვის, რომლებსაც საკუთარ აპლიკაციებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ყოველთვიური გადასახადების გარეშე სურთ.

ახალ ვერსიას საკმაოდ შთამბეჭდავი შესაძლებლობები აქვს. Google-ის განმარტებით, Gemma 4-ს უკვე შეუძლია რთული ლოგიკური ამოცანების გადაჭრა და მრავალეტაპიანი დაგეგმვა. მოდელმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა მათემატიკურ გამოთვლებში და ინსტრუქციების ზუსტად შესრულებაში. ამასთან, ის მხარს უჭერს აგენტურ სამუშაო პროცესებს და პროგრამირებისას ლოკალური ასისტენტის ფუნქციასაც ითავსებს. დამატებით, მას უკვე შეუძლია აუდიო და ვიდეო მასალის დამუშავება, მეტყველების ამოცნობა და ვიზუალების, მაგალითად, გრაფიკების წაკითხვა.

მოდელი ოთხ სხვადასხვა ზომაშია ხელმისაწვდომი, რომლებიც 2, 4, 26 და 31 მილიარდ პარამეტრს აერთიანებს. ეს მოდელები როგორც წინასწარ გაწვრთნილი, ისე ინსტრუქციებზე მორგებული ვერსიების სახით ვრცელდება, რაც დეველოპერებს მეტ თავისუფლებას აძლევს. სისტემა 140-ზე მეტ ენაზეა გაწვრთნილი და ერთდროულად 256 000 ტოკენის აღქმა შეუძლია, თუმცა შედარებით მცირე – ორ და ოთხმილიარდიან ვერსიებში ეს მაჩვენებელი 128 000-მდეა შემცირებული.

საყურადღებოა, რომ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში მოდელის ღიად გამოცხადება ყოველთვის ავტომატურად ღია კოდს არ ნიშნავს. Gemma-ს წინა ვერსიებში სატრენინგო მონაცემები საჯარო იყო, მაგრამ მომხმარებლები Google-ის წესებით იზღუდებოდნენ. მართალია, ლოკალური მოდელის მოდიფიცირება შეეძლოთ, მაგრამ მისი გამოყენება და გავრცელება მაინც კომპანიის პოლიტიკას ექვემდებარებოდა. ახლა კი, Apache 2.0 ლიცენზიის წყალობით, ეს მიდგომა ძირფესვიანად შეიცვალა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადმოწეროს, შეცვალოს და გამოიყენოს Gemma 4 ნებისმიერი მიზნით – იქნება ეს პერსონალური თუ კომერციული პროექტი. მოდელის გავრცელება საავტორო უფლებების გადასახადის გარეშეა დასაშვები, ერთადერთი მოთხოვნა ავტორობის მითითება და მოდელთან ერთად ლიცენზიის გავრცელებაა.

მათთვის, ვისაც ახალი მოდელის გამოცდა სურს, Gemma 4 უკვე ხელმისაწვდომია Google AI Studio-ში.

წყარო: Mashable;  www.marketer.ge