ყოველდღიურად სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი მედიასამყაროს ნელ-ნელა შთანთქავს. SEO სააგენტო Growtika-ს უახლესი ანგარიშის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ტექნოლოგიური მედიის ტრაფიკი კატასტროფულად შემცირდა. ყველაზე დიდი დარტყმა ისეთმა გიგანტებმა მიიღეს, როგორებიცაა Digital Trends, რომლის ტრაფიკიც 97%-ით დაეცა, ZDNet 90%-იანი და The Verge 85%-იანი კლებით. ერთი შეხედვით, ეს რიცხვები ამყარებს მოსაზრებას, რომ მედია ინდუსტრია უფსკრულისკენ მიექანება. თუმცა, ეს ზედმეტად გამარტივებული ხედვაა და არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ გამომცემლები ამ ტენდენციას წლებია ხედავენ და მასთან ადაპტირებას ცდილობენ. ამის საუკეთესო მაგალითი The Verge-ია. მათ არა მხოლოდ სხვებზე ადრე დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ რას უზამდა AI კონტენტს, არამედ 2024 წლის ბოლოს ფასიანი გამოწერის სისტემაც დანერგეს, რაც მათი უფრო ფართო, ოთხპუნქტიანი სტრატეგიის ნაწილი იყო. შესაბამისად, ტრაფიკის კლება ავტომატურად ბიზნესის ჩამოშლას ნამდვილად არ ნიშნავს.

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ძლიერი ბრენდი და ლოიალური აუდიტორიაა, რასაც The Verge-ის მაგალითი ნათლად ადასტურებს. 2011 წლიდან მოყოლებული, ეს გამოცემა ტექნოლოგიური სიახლეების, კომენტარებისა და ანალიტიკის სინონიმია და ბევრი ბრენდი საკუთარ სიახლეებს ექსკლუზიურად სწორედ იქ აქვეყნებს. სანდოობის ეს მაღალი ხარისხი პირდაპირ აისახება AI-ის მიერ გენერირებულ პასუხებშიც, რომლებიც უპირატესობას სწორედ ჟურნალისტურ კონტენტს ანიჭებს – ეს მიგნება საკომუნიკაციო ინდუსტრიის შესახებ Gartner-ის უახლეს ანგარიშშიც მტკიცდება.

მიუხედავად იმისა, რომ AI მარტივად შეგვიძლია ტრაფიკის გამანადგურებლად აღვიქვათ, მეორე მხრივ, ის აუდიტორიის ხარისხის ერთგვარი ფილტრიცაა. ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ბრენდს AI-ის შეჯამების წყალობით პოულობენ, როგორც წესი, ბევრად უფრო ჩართულები არიან და დიდი ალბათობით, კონტენტში ფულის გადასახდელადაც მზად არიან.

თუმცა, ყველას არ აქვს 15-წლიანი ძლიერი ბრენდი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული აუდიტორია. ახლა, როცა ხელოვნური ინტელექტი ინფორმაციის მთავარ სინთეზატორად იქცა, გამომცემლებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რა არის ის დამატებითი ღირებულება, რისი შეთავაზებაც მხოლოდ ცოცხალ ადამიანებს შეუძლიათ.

ჟურნალისტები ამბებს ჰყვებიან, რადგან ადამიანები ბუნებით მთხრობელები და მსმენელები არიან. აუდიტორია ყოველთვის დაეძებს იმ ავტორებსა და გამოცემებს, რომელთა ხმაც მათთვის ახლობელია, დამოუკიდებლად იმისა, იარსებებს თუ არა AI. კონტენტი, რომელიც ამას ვერ ახერხებს, ღირებულებას კარგავს და ხელოვნური ინტელექტით მარტივად ნაცვლდება. სწორედ ამიტომ, გამომცემლებმა აქცენტი ანალიტიკაზე, მოსაზრებებსა და ექსკლუზივებზე უნდა გააკეთონ. სხვების მიერ გავრცელებული მშრალი ამბების აგრეგირებას აზრი ეკარგება. მიუხედავად ამისა, ძნელია იყო ავტორიტეტული, თუ შენს სფეროში მიმდინარე მთავარ სიახლეებს არ აშუქებ. ამიტომ, წარმატების მისაღწევად აუცილებელია, გამოცემას ზუსტად ჰქონდეს გააზრებული თავისი მთავარი თემატიკა და ამ თემის გაშუქებისას მაქსიმალურად გამოიყენოს შესაძლებლობა, რათა აუდიტორიას საკუთარი უნიკალური ღირებულება დაანახოს.

ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მცირე გამოცემებსა და დამოუკიდებელ ავტორებს აძლევს ხელს, რომლებიც AI-ის ეპოქაში ნამდვილად ყვავიან. მაგალითად, გასულ წელს Substack-მა 5 მილიონ ფასიან გამომწერს მიაღწია, მისმა კონკურენტმა Beehiiv-მა კი, სადაც The Verge-ისა და CNN-ის ყოფილი ჟურნალისტები მუშაობენ, წელს შემოსავლების გაორმაგება და 50 მილიონ დოლარამდე გაზრდა დააანონსა.

2026 წლის ტრაფიკის მასშტაბური ვარდნა იმაზე კი არ მიუთითებს, რომ AI მედიას ანადგურებს, არამედ იმაზე, რომ ტრაფიკი, როგორც წარმატების ინდიკატორი, აქტუალობას კარგავს. ბრენდები, რომლებმაც ბიზნესი მხოლოდ სტატიების წერაზე კი არ ააგეს, არამედ გამოწერებზე, ნიუსლეთერებზე, პოდკასტებსა და ღონისძიებებზე ორიენტირდნენ, წარმატებას კვლავაც მიაღწევენ, უბრალოდ, წარმატების განმარტება შეიცვალა. აუდიტორია შეიძლება რაოდენობრივად შემცირდა, მაგრამ მათი ჩართულობა ახლა ბევრად უფრო გაზომვადი და მონეტიზებადია.

წყარო: Fastcompany;  marketer.ge