ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ომის გამო, რამაც სპარსეთის ყურიდან ენერგომომარაგება შეაფერხა, ევროკავშირმა, შესაძლოა, რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვა გადადოს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ევროკავშირი გეგმავდა რუსული გაზზე უარის თქმას, რადგან მიაჩნდა, რომ რესურსების კომპენსირებას ახლო აღმოსავლეთიდან მომარაგების გაზრდით შეძლებდა. თუმცა, მედიის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, ეს გეგმები ახლა საფრთხეშია.

მათივე ინფორმაციით, ევროკომისია 15 აპრილს რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის წინადადების განხილვას გეგმავს, სადაც დიდი ალბათობით, აკრძალვის გადადების გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„მაშინაც კი, თუ ომი ახლო აღმოსავლეთში დასრულდება, არსებობს რისკი, რომ გემთმფლობელები გარკვეული დროით უარს იტყვიან ჰორმუზის სრუტის ტრანზიტზე“, – აღნიშნა ევროპელმა მაღალჩინოსანმა „ბლუმბერგთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, 2026 წლის 26 იანვარს ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც ევროკავშირში როგორც მილსადენებით გაზის მიწოდების შეწყვეტას, ასევე რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის თანდათანობით შეწყვეტას ითვალისწინებს.

1tv.ge