ძიების პროცესი წარმოუდგენელი სისწრაფით იცვლება და ეს ვებზე მომუშავე ნებისმიერი ადამიანისთვის თვალსაჩინოა. ლურჯი ბმულების კარგად ნაცნობ სიას სულ უფრო ხშირად ანაცვლებს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შეჯამებები, პირდაპირი პასუხები და სასაუბრო რეჟიმში მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც კითხვებს მომენტალურად ჭრის. მომხმარებლებისთვის ეს გამოცდილება ბევრად სწრაფი და ინტუიციურია, თუმცა ბიზნესისთვის საკმაოდ დამაბნეველი. ამ თვალსაჩინო ცვლილებამ გააჩინა მოსაზრება, რომ ტრადიციული ძიება ქრება. როცა მომხმარებელი გვერდებს აღარ ჩამოსქროლავს და ბმულებზე აღარ აკლიკებს, მარტივია ვივარაუდოთ, რომ ძიება, როგორც ბიზნეს სიგნალი, რელევანტურობას კარგავს. თუმცა, ეს დაშვება ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს უგულებელყოფს. მართალია ინტერფეისი ვითარდება, მაგრამ ძიების ფუნდამენტური მექანიკა კვლავ რჩება იმის განმსაზღვრელად, თუ როგორ ვპოულობთ ინფორმაციას და ვის ვენდობით. საძიებო მონაცემები კვლავაც მართავს კონტენტის შერჩევის, მითითებისა და წარმოჩენის პროცესს. ხელოვნური ინტელექტით მართულ სამყაროში კი ამ მონაცემებს ისეთი მნიშვნელობა აქვს, როგორც არასდროს.
ხელოვნური ინტელექტით მართული ძიება ცვლის პასუხების მოწოდებისა და წყაროების წარმოჩენის გზებს. ტრადიციული ძიება მომხმარებელს რანკირებულ ბმულებს სთავაზობდა, სადაც ნათლად ჩანდა ინფორმაციის წარმომავლობა და ბრენდის თუ გამომცემლის ხილვადობა. მომხმარებლები ადარებდნენ წყაროებს და თავად წყვეტდნენ, სად გადასულიყვნენ, რეიტინგების ინტერპრეტაციაც შედარებით მარტივი იყო. ახალი სისტემა სრულიად განსხვავებულად მუშაობს. ალტერნატივების შეთავაზების ნაცვლად, ის ხშირად ერთ, სინთეზირებულ პასუხს გვაძლევს. ეს პასუხი მრავალი წყაროდან არის აწყობილი – ზოგიერთი მათგანი მკაფიოდ არის მითითებული, ზოგი კი უხილავად ახდენს გავლენას საბოლოო შედეგზე. მთავარი ფოკუსი ძიებიდან პრობლემის გადაჭრაზე ინაცვლებს. მაკკინზის მონაცემებიც ადასტურებს, რომ ახალი საძიებო სისტემები ინფორმაციას სხვადასხვა პროპორციით იღებენ პარტნიორი საიტებიდან, ბრენდებიდან, საინფორმაციო საშუალებებიდან, კვლევებიდან და თავად მომხმარებლების მიერ შექმნილი კონტენტიდან. შესაბამისად, ხილვადობის შეფასება ბევრად რთულდება. აღარ არსებობს ერთი კონკრეტული პოზიცია, რომელსაც თვალს გაადევნებთ, მთავარია – მოხვდა, მიეთითა თუ ამოვარდა თქვენი წყარო მუდმივად ცვალებადი გენერირებული პასუხებიდან.
მიუხედავად ამ რადიკალური ცვლილებებისა, საძიებო მონაცემები ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რჩება. იმის გაგების საჭიროება, თუ როგორ მიეწოდება ინფორმაცია აუდიტორიას, არსად გამქრალა. უბრალოდ, ეს პროცესი ნაკლებად თვალსაჩინო გახდა, რადგან ახალი საძიებო სისტემები პასუხებს ახალი და ნაკლებად გამჭვირვალე გზებით აგენერირებენ. მონაცემები ბიზნესს სიტუაციურ ცნობიერებას უნარჩუნებს. ის ეხმარება კომპანიებს დაინახონ, როგორ ფორმულირდება თემები, რომელი წყაროებია მითითებული და როგორ ვითარდება ნარატივი. ხელოვნური ინტელექტით მართულ გარემოში ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ხილვადობა გვერდზე შეხედვით აღარ იკითხება. სანდო საძიებო მონაცემების გარეშე ბიზნესს მხოლოდ მარჩიელობა უწევს – კომპანიები ვეღარ ხვდებიან, ახდენენ თუ არა გავლენას გენერირებულ პასუხებზე, თუ მათ უკვე ანაცვლებთ ალტერნატიული წყაროები. როგორც ფორბსი განმარტავს, მაღალი ხარისხის და რელევანტური მონაცემები კრიტიკულია სიცხადისა და თავდაჯერებულობის შესანარჩუნებლად მაშინ, როცა ტრადიციული სიგნალების წაკითხვა ჭირს. ეს მხოლოდ ოპტიმიზაციას არ ეხება. საქმე ეხება იმ საინფორმაციო გარემოს გააზრებას, რომელიც მომხმარებლის აღქმასა და გადაწყვეტილებებს აყალიბებს. საძიებო მონაცემები ბიზნესისთვის ინფორმირებულობის შენარჩუნების ერთ-ერთ ყველაზე საიმედო გზად რჩება მაშინ, როცა ტექნოლოგია ინფორმაციის აღმოჩენის პროცესს ძირფესვიანად ცვლის.
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, საძიებო მონაცემებს ხშირად მხოლოდ მარკეტინგული პრიზმიდან უყურებდნენ, მაგრამ ახლა მისი მნიშვნელობა ბევრად სცდება ამ ფუნქციას. როცა ხელოვნური ინტელექტი ცვლის ინფორმაციის მოძიების გზებს, საძიებო მონაცემები მთელი ორგანიზაციისთვის საზიარო რესურსად იქცა. მაგალითად, პროდუქტის გუნდები მას იყენებენ იმის გასაგებად, თუ როგორ აღიწერება მახასიათებლები და კატეგორიები მომხმარებელთან ინტერაქციისას. თუ გენერირებული პასუხები პროდუქტს მუდმივად ერთი და იმავე კუთხით წარმოაჩენს, ეს ინსაიტი პროდუქტის განვითარების, დოკუმენტაციის ან მომხმარებელთა განათლების პროცესში უნდა აისახოს. თავის მხრივ, ანალიტიკოსები საძიებო მონაცემებს ახალი ტრენდების აღმოსაჩენად ეყრდნობიან. კითხვების დასმის ან პასუხების გაცემის სპეციფიკის ცვლილებამ შესაძლოა მოთხოვნის ან განწყობის ცვლილებაზე მიუთითოს მანამ, სანამ ეს ტრადიციულ მეტრიკაში გამოჩნდება. ხელმძღვანელი გუნდები კი ამ მონაცემებს სტრატეგიული კონტექსტის შესაქმნელად იყენებენ. ეს მათ აძლევს გარე პერსპექტივას იმის შესახებ, თუ როგორ აღიქმება კომპანია და მთლიანად ინდუსტრია ახალ, მედიატორულ გარემოში, რაც გრძელვადიან დაგეგმვასა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ახალი საძიებო სისტემების ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა ის არის, რომ დაუმუშავებელი ინტერფეისები სრულ სურათს აღარ გვაჩვენებს. ძიების შედეგების ხელით შემოწმება მხოლოდ ფრაგმენტულ წარმოდგენას გვიქმნის. გენერირებული შეჯამებები იცვლება მოთხოვნის ფორმულირების, ლოკაციისა და დროის მიხედვით, შედეგები კი ყოველთვის არ მეორდება. ეს სერიოზულ პრობლემას უქმნის ბიზნესს, რომელსაც სტაბილური ინსაიტები სჭირდება. ტრენდების, ხილვადობისა და წყაროების ცვლილებების გასაანალიზებლად აუცილებელია საძიებო მონაცემებზე სტრუქტურირებული წვდომა, რომლის გაანალიზებაც დროთა განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ეს არ ნიშნავს, რომ კომპანიებმა ტექნოლოგიური სისტემების დეტალები უნდა შეისწავლონ. მათ უბრალოდ სჭირდებათ სანდო მონაცემები, რომლებიც ზუსტად ასახავს იმას, რასაც მომხმარებელი რეალურად ხედავს. სტრუქტურირებული წვდომა იზოლირებული დაკვირვებებიდან ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაზე გადასვლის საშუალებას იძლევა. ამ სტრუქტურის გარეშე ბიზნესი რისკავს, ზედაპირულ ცვლილებებს აჰყვეს ისე, რომ საერთოდ ვერ გაიაზროს, რა ხდება რეალურად კულისებში.
ხელოვნური ინტელექტი ძიების ვიზუალსა და აღქმას თავდაყირა აყენებს. სიებს შეჯამებები ანაცვლებს, პასუხები კი უფრო ინტერაქციული ხდება და სანამ საძიებო სისტემები ექსპერიმენტებს აგრძელებენ, ეს ცვლილებებიც გაგრძელდება. თუმცა, უცვლელი რჩება პროცესების გააზრების საჭიროება. ბიზნესმა კვლავ უნდა იცოდეს, რა ინფორმაციაა ხილვადი, რომელი წყაროებია სანდო და როგორ იცვლება ციფრული წარმომადგენლობა დროთა განმავლობაში. ამ ყველაფრის გასააზრებლად კი საძიებო მონაცემები მთავარ ფუნდამენტად რჩება. კონკრეტულ ინტერფეისებზე ფოკუსირების ნაცვლად, პროგრესულად მოაზროვნე ორგანიზაციები ყურადღებას ხილვადობასა და კონტექსტზე ამახვილებენ. ხელოვნური ინტელექტით მართულ გარემოში სწორედ მონაცემებია ამ პერსპექტივის შენარჩუნების ერთადერთი საიმედო გზა. ძიების ევოლუციის პარალელურად, ყველაზე მდგრადი ის ბიზნესი აღმოჩნდება, რომელიც ერთ მარტივ ჭეშმარიტებას აღიარებს: ინტერფეისი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ საძიებო მონაცემები რჩება იმ მუდმივ საყრდენად, რომელიც სიცხადესა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.
წყარო: techradar, www.marketer.ge