„ქართული სტარტაპების მიერ შექმნილმა ინოვაციურმა ტექნოლოგიურმა პროდუქტებმა, სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეულზე, გამოფენის მონაწილეებისა და სტუმრების დიდი დაინტერესება გამოიწვია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს პროდუქტები გლობალურად კონკურენტუნარიანია, ხოლო მთავრობის მხარდაჭერა ქართულ სტარტაპებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე გაფართოებისა და განვითარების დამატებით შესაძლებლობებს მისცემს, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია.

„ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო პირველად არის წარმოდგენილი ქვეყნის პავილიონით ამ გამოფენაზე და კიდევ უფრო საინტერესო და საამაყოა ის ფაქტი, რომ ქართული ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური სტარტაპები ღირსეულად მონაწილეობენ ღონისძიებაში“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

ავთანდილ კასრაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად სინგაპურში, აზიის უმსხვილეს ტექნოლოგიურ ფორუმში SWITCH 2026 (სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეულის) მონაწილეობს, რომელიც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, გან კიმ იონგმა გახსნა.

კვირეულის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე საქართველო წელს საკუთარი პავილიონით „StartUP in Georgia“ პირველად არის წარმოდგენილი.

ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს