სარისკო კაპიტალის ფირმებმა, მათ შორის Tiger Global-მა, Sequoia Capital-მა, Andreessen Horowitz-მა, Thrive-მა, K2 Global-მა და Founders Fund-მა, OpenAI სტარტაპში 300 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს, ამის შესახებ TechCrunch-ი დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-ის ინვესტიციებს ძლიერი სტრატეგიული აქცენტი აქვს (ტექნიკური გიგანტი მუშაობს OpenAI ტექნოლოგიის ინტეგრირებაზე თავისი ბიზნესის რიგ სფეროებში), სარისკო კაპიტალის ფირმები მოქმედებენ, როგორც ფინანსური მხარდამჭერები.

გამოცემა აღნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, თანხა უკვე გადარიცხულია და ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე კვირაში გასაჯაროვდება.

წყაროს თანახმად, გარე ინვესტორები ახლა OpenAI-ის 30%-ზე მეტს ფლობენ.

Crunchbase-ის თანახმად, OpenAI-ს 11,3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს და ის აგრძელებს დომინირებას ტექნიკურ სტარტაპებში.

OpenAI კვლავ აქტიურად დებს გარიგებებს, რაც იმის ნიშანია, რომ გენერაციული AI-ის გარშემო ხმაური უახლოეს მომავალში არ შენელდება.

საერთო ჯამში, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპებმა 6 თვეზე ნაკლებ დროში 18 მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვეს და შარშან შეგროვებულ 41 მილიარდ დოლარს გადააჭარბებენ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბრის ბოლოს, OpenAI-მ, ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიამ, რომლის თანამფლობელებს შორისაა ელონ მასკი, ხელოვნური ინტელექტის მქონე ენის მოდელი - ChatGPT-ი წარმოადგინა, რომელსაც შეუძლია უპასუხოს კითხვებს, დაწეროს ესეების და ა.შ.

ერთი კვირის განმავლობაში ChatGPT-ს 1 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა. OpenAI კი მხოლოდ ტემპის გაზრდას გეგმავს - 2023 წელს კომპანია 200 მილიონ დოლარამდე შემოსავალს ელის, ხოლო წელიწადში - 1 მილიარდ დოლარს. მარტის შუა რიცხვებში Open AI-მ ChatGPT-ის  მეოთხე ვერსია წარადგინა.