OpenAI-მ დაბლოკა ChatGPT-ის ანგარიშები, რომლებიც რუსულ პროპაგანდისტულ ქსელ Rybar-თან იყო დაკავშირებული.

OpenAI-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული ქსელი ChatGPT-ს Rybar-ისა და სხვა თითქოს მათთან დამოუკიდებელ ანგარიშებზე სოციალურ მედიაში გამოსაქვეყნებელი პოსტებისა და კომენტარების გენერირებისთვის იყენებდა.

კომპანიის ანგარიშში ნათქვამია, რომ დაბლოკილი მომხმარებლები ChatGPT-სთან რუსულად ურთიერთობდნენ, თუმცა კონტენტს მრავალ ენაზე, მათ შორის ესპანურად და ინგლისურად, ამზადებდნენ. ასევე, პროპაგანდისტები OpenAI-ის ვიზუალური გენერირების მოდელის Sora-ს გამოყენებით ცრუ ვიდეოებს ამზადებდნენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ პროპაგანდისტული მასალები "აქებდნენ რუსეთს და მის მოკავშირეებს, აკრიტიკებდნენ უკრაინას და დასავლეთის ქვეყნებს საგარეო ჩარევაში ადანაშაულებდნენ".

დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთმა დაბლოკილმა ანგარიშმა საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების გეგმების შექმნა მოითხოვა, რომლებიც მიზნად აფრიკაში პოლიტიკურ ცხოვრებასა და არჩევნებში ჩარევას ისახავდა. მონაცემები მიუთითებს, რომ პროპაგანდისტები ქვეყნებში აგენტების ქსელს ქმნიდნენ და მასშტაბურ ღონისძიებებსა და პროტესტებს გეგმავდნენ. მათი კამპანიები მიმართული იყო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, კამერუნის, ბურუნდისა და მადაგასკარის წინააღმდეგ.

აფრიკაში ყველაზე მასშტაბური პროპაგანდისტული ოპერაციის ბიუჯეტი 600 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორი წლის წინ შეერთებულმა შტატებმა Rybar-ის პროექტის შესახებ ინფორმაციისთვის 10 მილიონ აშშ დოლარამდე ჯილდო დააწესა.

tabula.ge