რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი იერიშების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა.

რუსეთის საგარეოს განცხადებით, აბას არაღჩისთან საუბრისას ლავროვმა დაგმო "ირანზე აშშ-სა და ისრაელის არაპროვოცირებული შეიარაღებული თავდასხმა".

სამინისტროს მიხედვით, თავის მხრივ, არაღჩიმ ლავროვს უთხრა, რომ "აშშ-სა და ისრაელის აგრესიამ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები ჩაშალა."

სამთავრობო TASS-ის ცნობით, არაღჩიმ ასევე მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ გამართვა.

აშშ-ისა და ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის აქტი განახორციელეს, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„28 თებერვლის დილით აშშ-სა და ისრაელის ძალებმა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ამ უგუნურ ნაბიჯს წინ სამხედრო-პოლიტიკური და პროპაგანდული მზადება უძღოდა, მათ შორის რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების დიდი რაოდენობით განლაგება, რაც არ ტოვებს იმის ეჭვეს, რომ საქმე გვაქვს გაერო-ს წევრის, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილ და არაპროვოცირებულ სამხედრო აგრესიის აქტთან, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვი „მოითხოვს ირანის გარშემო არსებული ვითარება პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების კურსს დაუბრუნდეს“.

„ვაშინგტონმა და თელ-ავივმა სახიფათო ავანტიურა კიდევ ერთხელ გაითამაშეს, რაც რეგიონს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და ასევე, არ არის გამორიცხული, რომ რადიაციულ კატასტროფასთანაც კი აახლოებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის ძალებმა ირანის სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებზე ერთობლივი დარტყმები განახორციელეს. ოფიციალური განცხადებების მიხედვით, ოპერაციის მიზანი იყო ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურისა და რეგიონში მოქმედი პროქსი-ჯგუფების შესაძლებლობების შეზღუდვა.

საპასუხოდ, ირანმა განაცხადა, რომ თავდასხმას უპასუხებდა „პროპორციულად და გადამწყვეტად“. ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა სარაკეტო და უპილოტო აპარატების შეტევები განახორციელა ისრაელის მიმართულებით და, გავრცელებული ცნობებით, რეგიონში განთავსებული ამერიკული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგაც.

რეგიონულმა ქვეყნებმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს — ნაწილმა დროებით დახურა საჰაერო სივრცე, ავიაკომპანიებმა გააუქმეს ფრენები, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებამ მხარეებს „მაქსიმალური თავშეკავებისკენ“ მოუწოდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს მოვლენები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ესკალაციას ბოლო წლების განმავლობაში და ზრდის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკს სპარსეთის ყურისა და ლევანტის რეგიონში.

ამ ეტაპზე ვითარება კვლავ დინამიკურია და საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ დაპირისპირება სრულმასშტაბიან ომად არ გადაიზარდოს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადეს, რომ ირანში მიმდინარე მოვლენები „ძალიან შემაშფოთებელია“.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და სრულად პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს,“ – ნათქვამია ორი ლიდერის ერთობლივ განცხადებაში.

„ჩვენ რეგიონში პარტნიორებთან კონტაქტში ვრჩებით. რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვის მიმართ ჩვენს ერთგულებას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ნებისმიერი ისეთი ქმედების თავიდან აცილება, რამაც შეიძლება დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავება გამოიწვიოს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი რეგიონში საკუთარი მოქალაქეების მხარდასაჭერად ყველა შესაბამის ნაბიჯს გადადგამს.

„ყველა მხარეს თავშეკავებისკენ, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ და საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.