OpenAI-ს ხელმძღვანელმა, სემ ოლტმენმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების ამჟამინდელი ტემპის გათვალისწინებით, სულ რაღაც ორ წელიწადში, AI ტექნოლოგია მსხვილი კორპორაციების მართვას ადამიანებზე, მათ შორის თავად მასზე უკეთესად შეძლებს. ოლტმენის პროგნოზით, 2028 წლისთვის მსოფლიოს ინტელექტუალური რესურსის ძირითადი ნაწილი არა ადამიანების გონებაში, არამედ მონაცემთა ცენტრებში იქნება თავმოყრილი.
აღსანიშნავია, რომ ოლტმენის შეხედულებებს AI-ს განვითარებასთან დაკავშირებით სხვა ტექ-გიგანტების ხელმძღვანელები თუ მაღალი თანამდებობის პირებიც იზიარებენ. მაგალითისთვის, Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის მიმართულების კურატორი, მუსტაფა სულეიმანი მიიჩნევს, რომ საოფისე სამუშაოების სრული ავტომატიზაცია მომდევნო 12-18 თვეში მოხდება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია Fortune 500-ის კომპანიებში უკვე აქტიურადაა დაწყებული. აღნიშნულ კორპორაციებში მენეჯმენტის შუალედურ რგოლში დასაქმებულთა მასობრივი შემცირება უკვე დაწყებულია. ამ მხრივ კარგი მაგალითია სამედიცინო ინდუსტრიის კომპანია Moderna, რომელმაც ადამიანური რესურსების მართვისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტები თითქმის სრულად ციფრულ სისტემაზე გადაიყვანა და გააერთიანა. როგორც ირკვევა, კორპორაციების მთავარი სტრატეგიული მოტივი არა უბრალოდ ტექნოლოგიების ათვისება, არამედ ოპერაციული ხარჯების მკვეთრი შემცირება და დამხმარე პოზიციების გაუქმების ხარჯზე მართვის ვერტიკალის ოპტიმიზაციაა.
მართალია, AI ტექნოლოგიის დანერგვას ამ ეტაპზე გლობალურ პროფესიულ ბაზარზე მასობრივი შემცირებები ჯერ არ გამოუწვევია და ძირითადად თანამშრომლების გათავისუფლების მიზანი პროდუქტიულობის ზრდაა, თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, საოფისე სივრცეში დასაქმებულთა 61% პოზიციებს უახლოეს წლებში დაკარგავს. აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენას ინდუსტრიის ლიდერები ოპტიმისტურად აღიქვამენ და მიიჩნევენ, რომ ადამიანური კაპიტალი ახალი კრეატიული და კონკურენტული მიმართულებების ათვისებას მოხმარდება. შესაბამისად, ადამიანები არათუ უმუშევრები დარჩებიან, არამედ თავის ადგილს ახალ ინდუსტრიებში იპოვიან.