OpenAI-მ უახლესი AI-მოდელი GPT-5 გაუშვა, რომელიც კომპანიის არსებული ჩეტბოტის, ChatGPT-ის განახლებაა და სერვისის 700 მილიონი მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. OpenAI-ის გეგმით, ახალი პროდუქტი კომპანიას ინვესტორებთან მოლაპარაკებების რაუნდში $500-მილიარდიანი შეფასების მიღწევაში დაეხმარება.
ამერიკულმა OpenAI-მ GPT-5-ს „ყველაზე ჭკვიანი, სწრაფი და სასარგებლო მოდელი“ უწოდა და ხაზი მოდელის კოდირებასთან, მათემატიკასთან, წერასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გენერირების უნარს გაუსვა. კომპანიის განცხადებით, GPT-5 მიცემულ დავალებებს წინამორბედ მოდელებზე სწრაფად ასრულებს და ნაკლებად მგრძნობიარეა „ჰალუცინაციების“ მიმართ – როდესაც ენობრივი მოდელი შემთხვევით არასწორ ან შეცდომაში შემყვან შედეგებს იძლევა. OpenAI-ის თანახმად, GPT-4-თან შედარებით, GPT-5-ის მიერ გაცემულ პასუხებში ფაქტობრივი შეცდომების ალბათობა 45%-ით ნაკლებია.
OpenAI GPT-5-ს თავის ფლაგმანურ მოდელს უწოდებს, რაც მას პირდაპირ კონკურენციაში აყენებს ისეთ მსხვილ კომერციულ პროდუქტებთან, როგორებიცაა xAI-ის Grok 4, Google-ის Gemini 2.5 და Anthropic-ის Claude 4. GPT-5-ის გაშვებიდან მალევე, xAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა წლის ბოლომდე Grok 5-ის გაშვება დააანონსა. თუმცა გაურკვეველია, თუ როდის წარადგენენ Google-ი ან Anthropic-ი Gemini-ს ან Claude-ის ახალ ვერსიებს.
GPT-5 ხუთშაბათს გაეშვა და ის უკვე ხელმისაწვდომია ChatGPT Plus-ის, Pro-ს, Team-ისა და Free-ის მომხმარებლებისთვის. მომდევნო კვირაში განახლება გამოვა Enterprise-ისა და Education-ის გამომწერებისთვის.
GPT-5-ის გაშვებას ხელი კომპანიის დაფინანსების უპრეცედენტო ზრდამ შეუწყო. მარტში OpenAI-მ $40 მილიარდის ღირებულების დაფინანსების რაუნდი დახურა, რაც ტექნოლოგიური კომპანიებისთვის უმსხვილესი კერძო დაფინანსების რაუნდად შეფასდა. ამჟამად, OpenAI ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მოქმედი და ყოფილი თანამშრომლებისთვის აქციების გაყიდვით, $500-მილიარდიანი შეფასების მიღწევას გეგმავს. დაფინანსების ბოლო რაუნდის შემდეგ OpenAI-ის საბაზრო ღირებულება $300 მილიარდს უტოლდება.
კომპანიის განცხადებით, GPT-5 ინტეგრირებული იქნება Microsoft-ის რამდენიმე სამომხმარებლო, ბიზნესისა და დეველოპერულ პროდუქტში, მათ შორის წარმოდგენილი იქნება ისეთ სერვისებში, როგორებიცაა Microsoft 365 Copilot-ი, GitHub Copilot-ი და Azure AI Foundry.