ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI-მ, Google-თან კონკურენციისთვის, ახალი საძიებო სისტემა შექმნა, რომელიც ChatGPT-ის ბაზაზე იმუშავებს. კომპანიის განცხადებით, ვების ძებნის ფუნქცია თავდაპირველად ChatGPT-ის იმ მომხმარებლებისთვის გამოჩნდება, რომლებიც ჩატბოტის ფასიანი ვერსიით სარგებლობენ, მოგვიანებით კი ის ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

საქმე ისაა, რომ ChatGPT, რომელიც კომპანიამ 2022 წელს აამოქმედა, ინტერნეტში მანამდე ხელმისაწვდომი ინფორმაციით "გაიწვრთნა", თუმცა ჩატბოტის სისტემაში მიმდინარე ამბები ჩატვირთული არ არის, რის გამოც მომხმარებელი უახლეს ინფორმაციას ვერ იღებს. ახალი ვერსიით, ChatGPT მომხმარებელს უახლეს ინფორმაციას მიწოდებს, რომელსაც სხვადასხვა მედიაორგანიზაციისგან წამოიღებს.

ახალი ფუნქცია ChatGPT-ის Google-ის კონკურენტად აქცევს. Alphabet-ის მფლობელობაში არსებული საძიებო სისტემა მიმდინარე წლის მაისში მნიშვნელოვნად განახლდა, მის ფუნქციებში კი ხელოვნური ინტელექტიც ჩაშენდა, რამაც მომხმარებლისთვის სასურველი ინფორმაციის მოძიება უფრო გააადვილა: ძირითადი საკითხები, როგორც წესი, შეჯამებული სახით ჩნდება, რის გამოც ინტერნეტმომხმარებლებს სხვადასხვა ბმულებზე გადასვლა და სრული ინფორმაციის გაცნობა აღარ სჭირდებათ.

OpenAI იგივე შედეგის მიღწევას მედიაორგანიზაციებთან პარტნიორობით ცდილობს. საავტორო უფლებების დარღვევის გამო ChatGPT-ის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანეს the New York Times-მა და სხვა სააგენტოებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ OpenAI მათ მასალებს ნებართვის გარეშე იყენებს.

ხელოვნური ინტელექტის კომპანიამ 31 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ბლოგში დაადასტურა, რომ საძიებო სისტემის შექმნაში OpenAI-ს სხვა პარტნიორები - The Associated Press და News Corp. დაეხმარნენ.

ბლოგში აღნიშნულია, რომ ChatGPT-ის მიერ გენერირებულ პასუხებს მითითებული ექნება წყარო და შესაბამისი მედიის ბმული.

წყარო: bm.ge