რუსი დიქტატორი, ვლადიმირ პუტინი უკვე მესამე წელია, Politico-ს „წლის ხელმოცარულთა" ნომინაციაში იმარჯვებს. ამჯერად სიაში საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონიც მოხვდა, ასევე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და სირიის ჩამოგდებული დიქტატორი ბაშარ ასადი.
Politico-ს რედაქცია იხსენებს, პუტინის დაპირებას, როცა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა რუსები დაარწმუნა, რომ კიევს სამ დღეში აიღებდა. ,,რა თქმა უნდა, 2024 წელს სიტუაცია განსხვავებულად განვითარდა, რადგან უკრაინა არა მხოლოდ იგერიებდა თავდასხმებს, არამედ რუსეთის ტერიტორიის ნაწილიც დაიკავა, კურსკის საარტილერიო ოპერაციის დროს," - აღნიშნულია სტატიაში. გარდა ამისა, რუსული ეკონომიკა მაღალი ინფლაციისა და მუდმივი სამუშაო ძალის დეფიციტის გამო მწვავე კრიზისშია. პუტინმა სირიაში გავლენა დაკარგა (და ამავე დროს, აფრიკაშიც).
2023 წელი მოსკოვისთვის იმით დასრულდა, რომ რუსეთს ბოდიშის მოხდა მოუწია აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის, თანაც იმ ფონზე, როცა საკუთარი ბრალიც კი არ უღიარებია.
„ლუზერების სიაში“ მეორე ადგილს, ვიქტორ ორბანი იკავებს. უნგრეთის პირველ პირზე Politico-ს ჟურნალისტები წერენ, რომ ის "პუტინის საუკეთესო მეგობარია".
სია მაკრონით და შოლცით სრულდება. Politico აღნიშნავს, რომ მაკრონისთვის 2024 წელი უწყვეტი წარუმატებლობების წელია: დაწყებული მისი პარტიის დამარცხებიდან ევროპარლამენტის არჩევნებში და დასრულებული ვადამდელ არჩევნებით, რომელმაც ულტრამემარჯვენეების ფლანგი კიდევ უფრო გააძლიერა.
რაც შეეხება შოლცს, მისი სიტუაცია კიდევ უფრო მწვავეა, კოალიციური მთავრობა, რომელიც ისედაც არასტაბილური იყო, კიდევ უფრო დასუსტდა, საბოლოოდ კი ვადამდელი არჩევნების გამოცხადება მოუწია.