„განულებულია ჯავშნები, ახალი ჯავშნები არ შემოდის, გაჩერებული ვართ ჩვენც, ჩვენი კოლეგები და პარტნიორებიც“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც მანვე დასძინა, ტურიზმში შემცირებული მოთხოვნა გამომდინარეობს იმ კრიზისიდან, რომელიც ქვეყანაში ამჟამად არსებობს, რადგან ქვეყანაში, სადაც არეულობა და გაურკვევლობაა, ტურისტები არ დადიან.
„ზოგადად, ტურიზმისთვის დეკემბრის მეორე ნახევარი არის ხოლმე აქტიური პერიოდი, იქიდან გამომდინარე, რომ შობისა და ახალი წლის დასვენების დღეები უწევს იმ ქვეყნებში, საიდანაც ჩამოდიან ტურისტები. 23 დეკემბრიდან 7 იანვრამდე საკმაოდ ვიტვირთებოდით ხოლმე. ამ პერიოდში სასტუმროებიც ათვისებული იყო, რესტორნებიც, მოთხოვნაც მაღალი იყო ევროპიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ახლა აბსოლუტურად სხვა ვითარება გვაქვს: განულებულია ჯავშნები, ახალი ჯავშნები არ შემოდის, გაჩერებული ვართ ჩვენც, ჩვენი კოლეგები და პარტნიორებიც.
ეს ჩვეულებრივი მოვლენაა არსებულ ვითარებაში, რადგან ადამიანი სამოგზაუროდ არ წავა იქ, სადაც არეულობა და გაურკვევლობაა. სამწუხაროდ, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ჩვენზე, თუ როგორ ვართ რუსული ინტერესების გამტარებელი, ქვეყნის სახელმწიფო ლიდერები და პირველი პირები არიან დასანქცირებულები - ეს ყოველივე საქართველოს იმიჯზე უარყოფითად ზემოქმედებს და როგორ ჩამოვირეცხავთ ამ რეპუტაციულ ზიანს, არ ვიცი“, - აცხადებს ჯაფარიძემ.
მანვე ისაუბრა მოლოდინებზეც და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გაგრძელებისა და ხელისუფლების სათავეში სანქცირებული პირების დარჩენის შემთხვევაში, ტურიზმის სექტორში სიტუაციის ცვლილება ნაკლებად სავარაუდოა.
„პირადად მე პოზიტიური მოლოდინი ვერ მექნება, თუ დასანქცირებული ხალხი დარჩება ქვეყნის მართვის სადავეებთან. მათ [ქართულმა ოცნებამ] ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ტურიზმის სფერო მთლიანად გაენადგურებინათ და ჩამოეშალათ. ეს პროცესი დაიწყო 2019 წელს, როცა გავრილოვი ჩამოაბრძანეს და დასვეს პარლამენტში, რასაც მოჰყვა ჯავშნების შემცირება; შემდეგ დაიწყო პანდემია, რომელიც არასწორად ვმართეთ და ტურიზმის სფეროს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა; შარშან მარტში საქართველო იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენის მასპინძელი, დაემთხვა რუსული კანონის პირველი განხილვა, ჩვენი ინვესტიცია საქართველოს პოპულარიზაციისთვის მთლიანად წყალში გადაყარეს; ზუსტად იგივე გააკეთეს წელსაც, ზამთარი რომ დავხურეთ წარმატებით, აპრილი-მაისი ისევ რუსული კანონის თემები დაიწყეს და ამან უზარმაზარი დარტყმა მიაყენა ტურიზმს. ამ ფონზე მოლოდინებს დადებითად ვერ შევაფასებდი. იმედი მაქვს, რომ როგორც საერთაშორისო სანქციები, ასევე შიდა წნეხი შედეგს გამოიღებს და დამთავრდება კოშმარი, რომელშიც ვცხოვრობთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებები 2028 წლის ბოლომდე და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის ფართო პროტესტის მიზეზი გახდა. მოქალაქეები უკვე 33 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ მიმდინარე მოვლენებს და ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებასა და დაკავებულების გათავისუფლებას.
პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ბიზნეს სექტორი, რომელიც აქტიურად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო „რუსეთის გზაზე“ მიდის, რაც ქვეყნის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოქალაქეები და ბიზნესები მთავრობისგან მოითხოვენ ევროინტეგრაციის კურსზე დაბრუნებას.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი