„გარკვეული თავშეკავება იგრძნობა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ არავინ არაფერს გეგმავს,“ - ამის შესახებ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელმა და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა კელაურაძემ "ბიზნესპრესნიუსთან" ქართველების მოგზაურობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით გაყიდვების კუთხით, იგივე მაჩვენებელია, რაც გასულ წელს. თუმცა მამუკა კელაურაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ღელავს რა ვითარება იქნება აპრილში, სეზონის გახსნაზე.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე რომ ტურები წინასწარ იგეგმება, შესაძლოა, გაყიდვები მომავალ წელს შემცირდეს.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც წელს საახალწლო პერიოდში ქართველები მოგზაურობენ, ეს არის ეგვიპტე, ტაილანდი, მალაიზია, ინდონეზია, გოა, შრი-ლანკა და ა.შ.

„გარკვეული შემცირება ქართველი მოგზაურების კუთხით არის. ჩვენ მაინც უფრო კორპორატიულ მომსახურებაზე ვართ ორიენტირებული, მაგრამ ინდივიდუალური მგზავრებიც გვყავს. ამ კუთხით, გარკვეული თავშეკავება იგრძნობა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ არავინ არაფერს გეგმავს. ასევე, ჩარტერების კუთხით, ეგვიპტე საკმაოდ მოთხოვნადი და დატვირთულია, განსაკუთრებით საახალწლო დღეებში.

მეტ-ნაკლებად იგივე სიტუაცია გვაქვს გაყიდვების კუთხით, როგორც შარშან. ერთადერთი ვღელავ იმაზე, რომ აპრილში, როცა ე.წ Welcome სეზონი უნდა გახურდეს, არ ვიცი, რა იქნება. რაღაც ჯგუფები ისედაც უკვე გვქონდა გარანტირებული (აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში), რომლებიც გაყიდულია, მაგრამ როგორი ვითარება იქნება აქ, იმაზეა დამოკიდებული ის ჯგუფები შედგება თუ არა. საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ ჩვენს ვითარებაზეა დამოკიდებული. რაც ყველაზე საინტერესო და შესამჩნევია, ახლაც იმყოფებიან უცხოეთში. ამიტომ, ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან შემცირებულია მოგზაურობა ქართველების მხრიდან. შესაძლოა ვინმემ დაგეგმილი მოგზაურობები ჩახსნა, მაგრამ მასშტაბური ხასიათი არ აქვს.

რაც შეეხება ამ პერიოდისთვის აქტუალურ მიმართულებას, ჩარტერის მიხედვით არის ეგვიპტე. ასევე, ჯგუფური ტურების კუთხით ძირითადად თბილი ქვეყნებია მოთხოვნადი, ესეია: ტაილანდი, მალაიზია, ინდონეზია, სადაც მეტ-ნაკლებად ვიზების საკითხიც არ დგას და ფასებიც შედარებით ნორმალურია. ასევე, როგორც ყოველთვის, ქართველებს ძალიან უყვართ, გოა, შრი-ლანკა, მალდივები, ტანზანია და ა.შ.“, - ამბობს მამუკა კელაურაძე.

www.bpn.ge