აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტები ახლო აღმოსავლეთში საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ცდილობენ.

Nvidia-მ დუბაიში ოფისი დროებით დახურა და პერსონალი დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა, Amazon-მა კი რეგიონის მასშტაბით ყველა კორპორაციული ოფისი დაკეტა. განსაკუთრებით რთულ ვითარებაშია Google-ი - კომპანიის ათობით თანამშრომელი დუბაიში მას შემდეგ ჩარჩა, რაც მათ გასულ კვირას გამართული გაყიდვების კონფერენციის შემდეგ, ავიამიმოსვლის მასობრივი გაუქმების გამო რეგიონიდან გასვლა ვერ მოასწრეს.

Nvidia-ს გენერალურმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა, თანამშრომლებს შეატყობინა, რომ კრიზისების მართვის გუნდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს 6000-მდე ისრაელელი და რეგიონში მყოფი სხვა კოლეგების დასახმარებლად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდების მიუხედავად, მათმა მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ დატოვონ რეგიონი, ფრენების შეწყვეტამ ევაკუაციის პროცესი უკიდურესად გაართულა. Cirium-ის მონაცემებით, კონფლიქტის დაწყების დღიდან ახლო აღმოსავლეთში 11 000-ზე მეტი რეისი გაუქმდა, რაც Google-ის Cloud მიმართულების თანამშრომლებისთვის მთავარ დაბრკოლებად იქცა.

პარალელურად, Amazon-ის ინფრასტრუქტურა უშუალო თავდასხმის სამიზნე გახდა: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ორი მონაცემთა ცენტრი დრონებით იერიშის შედეგად დაზიანდა, რამაც Amazon Web Services-ის აპლიკაციების მუშაობაში სერიოზული შეფერხებები გამოიწვია. კომპანიამ თანამშრომლებს საქმის სახლიდან გაკეთებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მითითებების დაცვისკენ მოუწოდა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო Snap-მაც, რომელმაც რეგიონის ოთხივე ოფისი დროებით დაკეტა.

bm.ge