თუკი კოსმოსის შესახებ რაიმე ახლის აღმოჩენისას ყოველ ჯერზე აღფრთოვანებას გრძნობთ, მაშინ 25 ნოემბერი თქვენთვის ერთ-ერთი ასეთი დღე უნდა ყოფილიყო. ამ დღეს NASA-მ ნენსი გრეის რომანის ტელესკოპის აწყობა დაასრულა.
კვლევის თანახმად, დედამიწის მსგავს გარემო პირობებში სიცოცხლე ძლიერ სწრაფად აღმოცენდება — #1tvმეცნიერება
მსგავსი: კვლევის თანახმად, დედამიწის მსგავს გარემო პირობებში სიცოცხლე ძლიერ სწრაფად აღმოცენდება — #1tvმეცნიერება
გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის დიდ, სუფთა ოთახში, მძლავრი კოსმოსური ტელესკოპის ორი მთავარი სეგმენტი ერთმანეთს მიუერთეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტელესკოპი გასაშვებად ემზადება, რაც დაახლოებით 2026 წლის შემოდგომაზე მოხდება.
რომანი ინფრაწითელი ტელესკოპია, რომელიც ფლაგმანი უნდა გახდეს ტელესკოპთა ფლოტში. აქვს მხოლოდ ორი ინსტრუმენტი — ფართოკუთხიანი ინსტრუმენტი (WFI) და კორონოგრაფი ინსტრუმენტი (CGI).
ფართოკუთხიან ინსტრუმენტს ჰაბლზე 100-ჯერ დიდი ხედი აქვს, მისი კორონოგრაფი კი ვარსკვლავის სინათლეს დაბლოკავს, როცა დააკვირდება ეგზოპლანეტებსა და პლანეტების წარმომქმნელ დისკოებს.
მისი ძირითადი სამეცნიერო მიზნებია ბნელი ენერგიის შესწავლა, ეგზოპლანეტების აღმოჩენა, პირველყოფილი შავი ხვრელების აღმოჩენა და კორონოგრაფის გამოყენებით ახლომდებარე ეგზოპლანეტებისა და მათი სპექტრის პირდაპირი გადაღება.
„რომანის ობსერვატორიის დასრულებას სააგენტოსთვის გადამწყვეტ მომენტამდე მივყავართ. ტრანსფორმაციული მეცნიერება დამოკიდებულია დისციპლინირებულ ინჟინერიაზე და ამ ჯგუფმა, ნაწილ-ნაწილ, ტესტირებებით, შექმნა ობსერვატორია, რომელიც გააფართოებს ჩვენს გაგებას სამყაროს შესახებ“, — ამბობს NASA-ს ასოცირებული ადმინისტრატორი ამიტ კშატრია.
მისი განცხადებით, აწყობის შემდეგ, რომანის ტელესკოპი ტესტირების საბოლოო ეტაპზე გადადის და ფოკუსი მიიმართება სიზუსტეზე და წარმატებულ გაშვებაზე გლობალური სამეცნიერო საზოგადოების სახელით.
თუმცა, ტელესკოპი შეიძლება 2026 წლის შემოდგომისთვისაც მზად იყოს, რაც დიდი მიღწევა იქნება. კოსმოსური ტელესკოპის მსგავსი რთული პროექტები ცნობილია დიდი ბიუჯეტითა და მოსალოდნელზე გვიანი გაშვებებით.
მაგალითად, ჰაბლის გაშვება 1980-იანი წლების შუაში იგეგმებოდა, მაგრამ მხოლოდ 1990 წელს გაეშვა.
ყველაზე ნათელი მაგალითი კი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპია; ის დაგეგმილიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ გაუშვეს, მაგრამ ეს ლოდინი ნამდვილად ღირდა.
რამდენიმე თვით ადრე გაეშვება თუ გვიან, რომანი მაინც მრავალ ახალ აღმოჩენას გააკეთებს.
„რომანის მშენებლობის დასრულებით, ჩვენ წარმოუდგენელი სამეცნიერო აღმოჩენების ზღვარზე ვართ. ვვარაუდობთ, მისიის პირველ ხუთ წელიწადში, ის აღმოაჩენს 100 000-ზე მეტ შორეულ ეგზოპლანეტას, ასეულობით მილიონ ვარსკვლავს და მილიარდობით გალაქტიკას. რომანის გაშვების შემდეგ, სამყაროს შესახებ უზარმაზარი რაოდენობის ახალი ინფორმაციის მიღება მოგვიწევს“, — ამბობს პროექტის უფროსი მეცნიერი ჯული მაკენერი.
ჩვენს გალაქტიკაში შესაძლოა, სულ მცირე 36 გონიერი არამიწიერი ცივილიზაცია არსებობს — ახალი კვლევა
მსგავსი: ჩვენს გალაქტიკაში შესაძლოა, სულ მცირე 36 გონიერი არამიწიერი ცივილიზაცია არსებობს — ახალი კვლევა
ახალი ტელესკოპი ყოველთვის აკეთებს ახალ აღმოჩენებს კოსმოსის შესახებ და ეს აღმოჩენები მხოლოდ მუხლჩაუხრელი მეცნიერებისთვის არაა განკუთვნილი. ისინი ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ინტელექტუალური მადის მქონე ადამიანებისთვისაა, რომლებსაც აინტერესებთ ყველაზე დიდ კითხვებზე პასუხები. აღმოჩენებს შეუძლია მცირედი ცვლილება შეიტანოს თქვენივე ცხოვრების გაგებაში და გააფართოოს ჩვენი გაგება ბუნებისა და მასში ჩვენი ადგილის შესახებ.
ნენსი გრეის რომანის ტელესკოპის ძირითადი მისია ხუთწლიანია. სხვა ინფრაწითელი ტელესკოპებისგან განსხვავებით, გაგრილებისათვის დამოკიდებული არაა სითხეებზე და შესაბამისად, გამაგრილებლის ამოწურვა მისთვის პრობლემა არ არის.
თუმცა, პრობლემაა საწვავი, როგორც ჯეიმს ვების შემთხვევაში. ორბიტის შენარჩუნებისა და პოზიციის შესაცვლელად, ეს ტელესკოპები საწვავს იყენებენ. ხუთწლიანი მისია რომანისთვის საკმარისი იქნება ძირითადი სამეცნიერო მიზნების მისაღწევად, მაგრამ შესაძლოა, მისი მისიაც გახანგრძლივდეს, როგორც ეს არაერთი სხვა მისიის შემთხვევაში მოხდა.
მეცნიერები ელოდებიან, რომ ხუთწლიან მისიაში ის აღმოაჩენს ათეულობით ათას სუპერნოვას, ათასობით ეგზოპლანეტას მიკროლინზირების მეთოდით, წარმოქმნის პროცესში მყოფ ასეულობით ეგზოპლანეტას.
ახალ მისიებს ყოველთვის თან ახლავს გარკვეული მოულოდნელობები, რომელთა პროგნოზირებაც რთულია.
სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტების საძებნელად, NASA ახალი კოსმოსური ტელესკოპის აგებას იწყებს — #1tvმეცნიერება
მსგავსი: სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტების საძებნელად, NASA ახალი კოსმოსური ტელესკოპის აგებას იწყებს — #1tvმეცნიერება
რომანის მისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ეხება ბნელ ენერგიას — იდუმალ ძალას, რომელიც სამყაროს გაფართოებას განაპირობებს. ამ ძალის უკეთ გასაგებად საჭიროა კოსმოსის ფართო ხედვა და ეს სწორედ ისაა, რასაც რომანი უზრუნველყოფს თავის ფართოკუთხიანი ინსტრუმენტით (WFI), 288 მეგაპიქსელიანი კამერით.
ბნელი ენერგიის შესწავლის ერთადერთი გზაა ცის დიდი მონაკვეთების შესწავლა და მისი მცირე ეფექტების დაფიქსირება. სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურებისა და გალაქტიკის განვითარების კვალდაკვალ მათი ევოლუციის კვლევა, ტელესკოპის ბნელი ენერგიის მიზნების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილია.
იმას, რასაც რომანი ხუთ წელიწადში გააკეთებს, სხვა ტელესკოპებს ათწლეულები ან საუკუნეები დასჭირდებოდათ. უფრო მეტიც, ხუთ წელიწადში რომანი ცის იმხელა ნაწილს გადაიღებს, რაც ჰაბლმა 30 წელში შეძლო. ამ პერიოდში, ტელესკოპი 20 000 ტერაბაიტის მოცულობის ინფორმაციას შეაგროვებს.
„ჩვენს სიცოცხლეში, კოსმოსის შესახებ დიდი საიდუმლო გაჩნდა — რატომ ჩქარდება კოსმოსის გაფართოება. არსებობს რაღაც ფუნდამენტური სივრცისა და დროის შესახებ, რაც ჯერ არ ვიცით; რომანი სწორედ ამის აღმოსაჩენად შეიქმნა. მისი საშუალებით, სამყაროს ისე შევისწავლოთ, როგორც აქამდე არასდროს“, — ამბობს NASA-ს სამეცნიერო მისიათა დირექტორატის ასოცირებული ადმინისტრატორი ნიკი ფოქსი.
საიდუმლოთა ამოხსნაა ტელესკოპის მეორე ინსტრუმენტის, კორონოგრაფის (CGI) მიზანიც.
ბოლო წლებში, ეგზოპლანეტების ძებნა დაიხვეწა. მეცნიერებს სურთ, რომ ბევრი ეგზოპლანეტის აღმოჩენის სანაცვლოდ, იპოვონ უფრო მეტი დედამიწის მსგავსი პლანეტა, რომლებიც შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს. თუმცა, ეს პლანეტები მარტივად შეიძლება დაიჩრდილოს საკუთარ ვარსკვლავთა სიკაშკაშეში. ამ პრობლემას რომანის კორონოგრაფი ინსტრუმენტი მოაგვარებს.
მიუხედავად იმისა, რომ კორონოგრაფები სხვა ტელესკოპებსაც აქვთ, მაგალითად, ჰაბლს, რომანის ინსტრუმენტი გამორჩეულად მაღალტექნოლოგიურია და კოსმოსში გაშვებული პირველი აქტიური კორონოგრაფი იქნება. წარმოადგენს ნიღბების, ფილტრებისა და თვითკეცვადი სარკეების დახვეწილ სისტემას, რომელიც ამ ტექნოლოგიებას დაკვირვების მრავალ რეჟიმში გამოიყენებს.
„უდიდესი კითხვაა „ვართ თუ არა სამყაროში მარტონი“, მაგრამ ასეთივე დიდი დავალებაა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო ხელსაწყოების შექმნა. რომანის კორონოგრაფი ამ მიზანთან ერთი ნაბიჯით მიგვაახლოებს. საოცარია, რომ გვაქვს ასეთი ტექნოლოგიის კოსმოსში დატესტვის საშუალება“, — ამბობს რომანის კორონოგრაფის ინსტრუმენტის მენეჯერი ფენგ ჟაო.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით. წყარო: 1 არხი