კოსმოსური რბოლა სულ უფრო მასშტაბური ხდება და წამყვანი სახელმწიფოები სულ უფრო მეტ თანხებს ხარჯავენ მის ასათვისებლად.
2024 წელს, მსოფლიო მასშტაბით, კოსმოსურ საქმიანობაზე სახელმწიფო დანახარჯებმა 135 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2023 წელთან შედარებით 10%-ით მეტია. ამ ინფორმაციას BroadcastPro ME კონსულტაციურ-ანალიტიკური კომპანია Novaspace-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ ზრდის ძირითადი ნაწილი თავდაცვის სექტორზე მოდის, რომელშიც ინვესტიციების ოდენობა 73 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ თავდაცვაზე ორიენტირებული კოსმოსური პროგრამები მზარდია. ზოგადად, მსოფლიო ქვეყნები სულ უფრო მეტ ინვესტიციებს დებენ კოსმოსურ დარგში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ კვლავ ლიდერობს, მისი წილი საერთო ოდენობის 59%-მდე შემცირდა, ეს მონაცემი 2000 წელს 75%-ზე მეტი იყო. ეს ცვლილება ასახავს ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მზარდ ინტერესსა და ინვესტიციებს კოსმოსის ასათვისებლად.
გასულ წელს აშშ-მა კოსმოსის მიმართულებით 79 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, მეორე ადგილზეა მისი მთავარი კონკურენტი ჩინეთი - 19 მილიარდზე მეტით, მესამეა იაპონია - 6 მილიარდ 796 მილიონით, რუსეთი კი მხოლოდ მეოთხეა - თითქმის 4 მილიარდი დოლარით.
ევროპაში კი ყველაზე დიდი ხარჯებით საფრანგეთი ლიდერობს.
ნახეთ ინფოგრაფიკაზე კოსმოსზე დახარჯული თანხები ქვეყნების მიხედევით.
ავტორების შეფასებით, ქვეყნები არა მხოლოდ კოსმოსის კვლევის შესაძლებლობებს აფართოებენ, არამედ ამ სფეროს გეოპოლიტიკური გავლენის გაძლიერებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვისაც იყენებენ.
კოსმოსური "რბოლა" - რუსეთის ჩამორჩენა
რუსეთის პოზიციები აღნიშნულ სფეროში შესამჩნევად სუსტდება. ეს შეეხება არა მხოლოდ ხარჯების შემცირებას, არამედ ტექნოლოგიურ ჩამორჩენას, განსაკუთრებით აშშ-ისგან.
აშშ მრავალი წელია, წარმატებით იყენებს მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებს, მაშინ როცა რუსეთს მსგავსი ტექნოლოგია ჯერ არ გააჩნია.
2023 წელს "როსკოსმოსის" ხელმძღვანელმა იური ბორისოვმა განაცხადა, რომ რუსული მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა "Амур-СПГ" SpaceX-ის Falcon 9-ზე უკეთესი იქნებოდა.
ამ განცხადებას დასავლეთი ირონიით შეხვდა, რადგან აღნიშნულ რაკეტას ჯერ არცერთი გაშვება არ განუხორციელებია და ის ამ ეტაპზე მხოლოდ პროექტის სახით არსებობს.
ასევე უნდა აღინიშნოს "Ангара-А5", რომელსაც ხშირად "სკანდალურ" რაკეტად მოიხსენიებენ. მისი ფასი ზედმეტად მაღალია და მხოლოდ ოთხჯერ გაუშვეს.
აქვე უნდა ითქვას, რომ გარდა სახელმწიფო კოსმოსური პროგრამებისა, სულ უფრო აქტიურობენ კერძო კოსმოსური კომპანიები თავიანთი ახალ-ახალი მისიებით.