ხელოვნური ინტელექტის სწრაფად მზარდი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, პრევენციულად შემუშავდეს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩო საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების და სხვა მაღალტექნოლოგიური ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, - ამის შესახებ „საქართველოს ციფრული მმართველობის 2025 – 2030 წლების სტრატეგიაში წერია.
დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში არ არსებობს ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფების ერთიანი განმარტება, საკანონმდებლო ჩარჩო და ერთიანი ბაზა, სადაც მოცემული იქნებოდა საჯარო დაწესებულებების მიერ დანერგილი ხელოვნური ინტელექტის სისტემების ერთიანი ჩამონათვალი ზოგადი აღწერითა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალით.
„მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე, იზრდება ციფრული მმართველობის განვითარების პროცესში მისი გამოყენების შესაძლებლობებიც. მთელი რიგი ქვეყნები აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს საჯარო მმართველობის პროცესში, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.
მნიშვნელოვანია მომზადდეს ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიმოხილვა, რომელიც გამოავლენდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით – ციფრული სერვისების მიწოდებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ვებმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით. ასევე, ხელოვნური ინტელექტის სწრაფად მზარდი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, პრევენციულად შემუშავდეს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩო საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების და სხვა მაღალტექნოლოგიური ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით.
ციფრული მმართველობის პროცესში, გარდა ფართოდ გამოყენებული ტექნოლოგიებისა, მნიშვნელოვანია იმ ახალი შესაძლებლობების გამოყენებაც, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიები (მაგ.: ბლოქჩეინი, ხელოვნური ინტელექტი (AI), დიდი მონაცემები (Big Data), ნივთების ინტერნეტი (IoT) და სხვა) გვთავაზობს.
აუცილებელია აღნიშნული ტექნოლოგიების საჯარო სექტორში დანერგვის და გამოყენების პროცესში სახელმწიფოს ჰქონდეს ერთიანი ხედვა და სტრატეგია, რათა შესაძლებლობებთან ერთად, გათვალისწინებული იყოს ის საფრთხეებიც, რომლებიც შესაძლოა თან სდევდეს აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვას”, - წერია სტრატეგიაში.