მიკროპლასტმასა უკვე ყველგანაა, ყველაფერშია, რასაც ვსუნთქავთ, ვჭამთ თუ ვსვამთ. შედეგად, ისინი უკვე ადამიანის ტვინში, სისხლში და ახლა უკვე ძვლებშიც გვხვდება — მეცნიერებმა 5 მმ-ზე ნაკლები ზომის ნაწილაკები ადამიანის ძვლოვან სისტემაში აღმოაჩინეს. 62 კვლევაზე დაყრდნობით კი გვეუბნებიან, რომ მიკროპლასტმასა და უფრო პატარა ნანონაწილაკები ჩვენს ჩონჩხზე მრავალნაირად ზემოქმედებს.
„მნიშვნელოვანი კვლევები აჩვენებს, რომ მიკროპლასტმასას ძვლის ქსოვილში შეღწევა შეუძლია, მათ შორის ძვლის ტვინშიც, რაც მისი მეტაბოლიზმის შეფერხებას გამოიწვევს“, — აცხადებს როდრიგო ბუენო დე ოლივეირა, მეცნიერი.
ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ეს პლასტმასის ნარჩენები გადაყლაპვის შემდგომ გროვდება ძვლოვან ქსოვილებში, აქამდე კი სისხლის მეშვეობით აღწევს. ხოლო ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მათ ძვლის ზრდის შეფერხება შეუძლია.
მეტიც, ოსტეოკლასტების, უჯრედების, რომლებიც ხელს უწყობს ძვლის ზრდას და აღდგენას, დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლოვანი სტრუქტურების შესუსტება, რაც ამ დაზიანებულ ძვლებს დეფორმაციებისა და მოტეხილობებისადმი უფრო მოწყვლადს გახდის — „ძვლის ქსოვილის უჯრედებზე ჩატარებულმა ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ მიკროპლასტმასა აფერხებს უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას, აჩქარებს მათ დაბერებას და ცვლის უჯრედების დიფერენციაციას, მეტიც, იგი ხელს უწყობს ანთებითი კერების წარმოქმნას“.
აღნიშნულმა კულმინაციას მიაღწია ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში და ჩონჩხის ზრდა შეაფერხა. მართალია, მიღებული შედეგები პირდაპირ არ ითარგმნება ადამიანებზეც, მაგრამ ოსტეოპოროზის გავრცელება მთელ მსოფლიოში იმის შედეგია, რომ ძვლები მყიფე და მოტეხილობისკენ მეტად მიდრეკილი ხდება. მკვლევრების ვარაუდით, მიკროპლასტმასა, ისეთ რისკებთან ერთად, როგორებიცაა ალკოჰოლიზმი და მოსახლეობის დაბერება, ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება, იყოს.
მიუხედავად ამისა, საფრთხეს არასათანადოდ ვაფასებთ — ყოველწლიურად მინიმუმ 400 მილიონი მეტრიკული ტონა პლასტმასა იწარმოება, რის შედეგადაც წელიწადში 1.8 მილიარდი მეტრიკული ტონა სათბურის გაზები გამოიყოფა!
ლოკალურად კი ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ გაფილტრული სასმელი წყალი დავლიოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ პლასტმასის მოხმარება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იქნება ეს სინთეტიკურ ტანსაცმელზე უარის თქმა თუ წყლის პლასტმასის ბოთლებზე, რომლებიც იმაზე 10-ჯერ უფრო საზიანო აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ!