სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა „ელექტრონული კანი“ შექმნა, რომელიც რეალურს ჰბაძავს. ეს ტექნოლოგია დაეხმარება ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს ტაქტილური მგრძნობელობა.

კანი არის დამცავი ბარიერი შინაგანი ორგანოებისთვის და ნერვული სისტემისთვის ღირებული ინსტრუმენტი გარე სამყაროს აღსაქმელად. ადამიანები, რომლებსაც აქვთ მძიმე დამწვრობა, ამპუტაცია ან სხვა დაზიანებები, ტაქტილურ მგრძნობელობას კარგავენ.

ელექტრონული კანი ულტრა თხელ სტიკერს ჰგავს. ერთი გამჭვირვალე ფურცელი 5-ვოლტიანი მოქნილი ინტეგრირებული სქემისგან შედგება. მისი სამშრიანი სტრუქტურა დიელექტრიკულია, თითოეული ფენა შეიცავს ორგანულ ნანო სტრუქტურებს, რომლებიც შეიძლება ინდივიდუალურად იყოს შექმნილი სხვადასხვა სენსორული სიგნალების მისაღებად: მაშინ როცა ერთს შეუძლია ტემპერატურის ამოცნობა, მეორე - მომხმარებელს ზეწოლის შეგრძნებაში ეხმარება.

ელექტრონული კანის თითოეული ფენის სისქე მიკრონზე ნაკლებია. გამძლეობის გასაუმჯობესებლად, ე.წ. ელ-სკინი მიმაგრებულია მოქნილ სუბსტრატზე, რომლის სისქე შეიძლება ადამიანის კანის გარე ფენის სისქეს შევადაროთ.

„ჩვენმა გამოგონებამ შესაძლოა სენსორული შესაძლებლობები აღუდგინოს დაკარგული მგრძნობელობის მქონე ადამიანებს. „ელექტრონული კანი“ შეიძლება იყოს ინტეგრირებული პროთეზებში, რაც გაზრდის მომხმარებლების მობილურობას და საშუალებას მოგცემთ იგრძნოთ ტაქტილური უკუკავშირი“, - აღნიშნეს მეცნიერებმა. ამ დროისთვის „ელექტრონული კანი“ დამზადებულია ორგანული მასალისგან და აქვს ხანმოკლე სიცოცხლე.