5 მარტის ღამეს, ოპერატორმა „ტელე 2“-მა, 4G და 5G მობილური კავშირის სერვისების გაძლიერების მიზნით, მოძველებული მესამე თაობის ტექნოლოგია, ანუ 3G მთლიანად გამორთო.
ამ სამუშაოს შესრულება გასულ წელს, რეგიონების თანდათანობითი გამორთვით დაიწყო. 3G-ს ბოლო საბაზო სადგურები მხოლოდ რიგაში, პარდაუგავასა და მარუპეს მუნიციპალიტეტებში იყო შემორჩენილი. ოთხშაბათს ღამით, მუშაობა, ჯამში, 70-ზე მეტმა მოქმედმა საბაზო სადგურმა შეწყვიტა.
მომავალში მომხმარებლებს 4G და 5G ქსელების სერვისი მიეწოდებათ. თუმცა, ის აბონენტები, რომლებიც მობილურ ტელეფონებს მხოლოდ ზარებისთვის იყენებენ და მობილური ინტერნეტით არ სარგებლობენ, ტელეფონების გამოყენებას მაინც შეძლებენ, რადგან მათი სატელეფონო ზარების მომსახურება 2G ქსელის მეშვეობით განხორციელდება.
„3G მოძველებული ტექნოლოგიაა. მთელ მსოფლიოში ოპერატორები მასზე ეტაპობრივად უარს ამბობენ. არც ლატვია და არც „ტელე 2“ გამონაკლისი არ არის. 3G ტექნოლოგიის გათიშვა მომხმარებლებზე არანაირად არ იმოქმედებს. იმ მომხმარებლებს, რომლებსაც 3G-ს სიმ-ბარათები აქვთ, შეუძლიათ, „ტელე 2“-ის ვებ-გვერდს ან მომხმარებელთა მომსახურების ცენტრებს მიმართონ“, - განაცხადა „ტელე 2“-ის პრეს-სპიკერმა, ოსკარს ფირმანისმა.
აქამდე 3G-ს ქსელით „ტელე 2“-ის მომხმარებელთა 5%-ზე ნაკლები სარგებლობდა, ხოლო 3G-ს ქსელზე მობილური ინტერნეტის მთლიანი მოხმარების 1%-ზე ნაკლები მოდის.
წყარო: 1 არხი