ათობით მსხვილი ევროპული კომპანია, მათ შორის გერმანული Siemens-ი და ფრანგული Airbus-ი ხელოვნური ინტელექტის რეგულირებაზე ევროკავშირის შემოთავაზებულ კანონს აპროტესტებენ. ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება. ბიზნესის ლიდერები აცხადებენ, რომ წესები საფრთხეს უქმნის კონკურენტუნარიანობას და ხელს უშლის პროგრესს.
ღია წერილს ხელი მოაწერა 150-ზე მეტმა აღმასრულებელმა, რომლებმაც მიმართვაში აღნიშნეს, რომ ხელოვნური ინტელექტი იძლევა „შანსს შეუერთდნენ ტექნოლოგიურ ევოლუციას“, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის გადაჭარბებულმა რეგულაციამ შეიძლება მათ ეს შესაძლებლობა წაართვას.
ხელმომწერებმა, ავტომწარმოებელ Renaul-დან დაწყებული მსოფლიოში სიდიდით მეორე ლუდსახარშ Heineken-ით დამთავრებული, განაცხადეს, რომ კომპანიებს, რომლებიც ავითარებენ და ავრცელებენ ნეირონულ ქსელებს, შეექმნებათ შესაბამისობის არაპროპორციული ხარჯები და პასუხისმგებლობის რისკები. ამგვარი შეზღუდვების გამო ინვესტორებმა შეიძლება თავი აარიდონ ევროპაში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას და კონკურენტუნარიანობა დაკარგონ აშშ-სთან შედარებით. კომპანიებმა მოუწოდეს ევროკავშირს შექმნას ინდუსტრიის ექსპერტების მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ტექნოლოგიის განვითარების სფეროში კანონის აღსრულებას გააკონტროლებს.
„როგორც ჩანს, ხელმომწერებმა არ წაიკითხეს კანონის ტექსტი და „ბრბოს პრინციპით“ რეაგირებენ“, - განაცხადა წერილზე საპასუხოდ ევროპარლამენტარმა დრაგოს ტუდორაჩემ, რომელიც კანონპროექტის შემუშავებას ხელმძღვანელობდა.