დიზაინერები ახლა უკვე კოდის მწერლებიც არიან. დღეს ინტერფეისი ან შენი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა, ან სრულიად უსარგებლო რამ. ტექნოლოგიურ სამყაროში ნამდვილი ქაოსი ტრიალებს – ხელოვნური ინტელექტი დიზაინის პროფესიას თავდაყირა აყენებს, ამ ტრანსფორმაციის სათავეში კი ისეთი გიგანტების „უმაღლესი ქურუმები“ დგანან, როგორებიც არიან Anthropic, OpenAI, Cursor, Krea და სხვები.

ტექნოლოგიური სამყარო იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ზოგჯერ რთულია იმის გააზრება, სად გადის ზღვარი მორიგ მცირე განახლებასა და ინტერფეისის რეალურ, მასშტაბურ გარღვევას შორის. ამ რევოლუციის ნაწილი AI-კოდირების ვარსკვლავი-სტარტაპის, Cursor-ის სან-ფრანცისკოს ოფისია. აქ, ღია ტიპის, ფეხსაცმლისგან თავისუფალ სამუშაო სივრცეში, კომპანიის დიზაინის ხელმძღვანელი რიო ლუ პროგრამული უზრუნველყოფის მომავალს ქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ Cursor 29.3 მილიარდ დოლარად შეფასებული პლატფორმაა და პროფესიონალ დეველოპერებზეა გათვლილი, მისი რთული ინტერფეისი რიგითი დიზაინერებისთვის ხშირად დამაბნეველია. ამ პრობლემის გადასაჭრელად კომპანიამ ახალი პროტოტიპი – Baby Cursor შექმნა. ახალ ვერსიაში კოდის რთული ბლოკები გამქრალია და მათ ადგილს მარტივი პრომპტის ველი იკავებს. მომხმარებლის გამოცდილება რადიკალურად არის გამარტივებული: დიზაინერს შეუძლია უბრალოდ გადააადგილოს აპლიკაციის კომპონენტები, რასაც სისტემა ავტომატურად, წამებში თარგმნის კოდში; პროდუქტის მენეჯერს შეუძლია ატვირთოს პროექტის რეზიუმე და ის კონკრეტულ სამუშაო პროცესებად აქციოს, ან, უბრალოდ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დავალება AI აგენტების გუნდს გადააბაროს.

სისტემა იმდენად მოქნილია, რომ შეიძლება ეკრანის კუთხეში პატარა ასისტენტად მოთავსდეს, ან სრულფასოვან სამუშაო სადგურად გაიშალოს. ყველაზე შთამბეჭდავი კი ისაა, რომ რიო ლუმ ეს პროტოტიპი მხოლოდ ერთ კოლეგასთან ერთად, სულ რაღაც ერთ კვირაში ააწყო.

სწორედ ეს არის ის ტემპი, რომელიც ინდუსტრიას ძირფესვიანად ცვლის. სანამ ფართო მასებისთვის AI რევოლუცია ძირითადად სასაუბრო ჩატბოტებთან და გენერირებულ კონტენტთან ასოცირდება, სილიკონ ველიზე ტექნოლოგიამ პროდუქტის განვითარების პროცესი ექსპონენციალურ სისწრაფემდე მიიყვანა. დღეს დიზაინერი შეიძლება იყოს კოდერიც და პროდუქტის მენეჯერიც. განვითარების ეტაპი – იდეიდან რეალურ პროდუქტამდე – ფაქტობრივად, ერთ ნაბიჯამდე მცირდება.

ტრანსფორმაციის მასშტაბი განსაკუთრებით კარგად ჩანს ბოლო სამი წლის პერსპექტივიდან. 2023 წელს, როცა ChatGPT-მ მეინსტრიმში შემოაბიჯა, დიზაინერები ძირითადად ფილოსოფიურ დისკუსიებში იყვნენ ჩართულნი და მსჯელობდნენ იმაზე, თუ რა იყო რეალურად დიდი ენობრივი მოდელი (LLM) და რა შეეძლო მანქანას უბრალო დიალოგის მიღმა. დღეს კი, Anthropic-ის, OpenAI-ისა თუ Krea-ს კულუარებში საუბრები ბევრად უფრო კონკრეტული და პრაქტიკული გახდა. ინდუსტრიის მთავარი დევიზია: „ექსპერიმენტები უნდა ვატაროთ უფრო სწრაფად!“.

როგორც Apple-ის ყოფილი დიზაინერი და სოციალური AI სტარტაპის, Future Lovers-ის დამფუძნებელი, ჯეისონ იუანი აღნიშნავს, მსგავსი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების წყალობით ახლა საუკეთესო დროა, იყო დამოუკიდებელი შემოქმედი. დიზაინერებს აღარ სჭირდებათ მთელი დეველოპერული გუნდის ლოდინი იდეის განსახორციელებლად – მათ თავად შეუძლიათ დაწერონ კოდი, შექმნან დიზაინი და სრულად დამოუკიდებლად მართონ ინოვაციური პროდუქტების შექმნის პროცესი.

წყარო: Fastcompany;  www.marketer.ge