ხელოვნური ინტელექტის განვითარება შესაძლებელს ხდის რომ სამგზავრო თვითმფრინავმა მხოლოდ ერთი პილოტით იფრინოს, ამის შესახებ ავიაკომპანია Emirates-ის პრეზიდენტმა ტიმ კლარკმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. კლარკის თქმით, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ საავიაციო ინდუსტრიას შეუძლია ისარგებლოს ხელოვნური ინტელექტით.
რამდენადაც ტექნოლოგიის მასშტაბები და ძალა სწრაფად იზრდება, ავიაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპრომისი დაუშვას და დააფასოს ის ცვლილებები, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა მოიტანა.
მისი შეფასებით, მგზავრებს ხელოვნური ინტელექტის მქონე ერთპილოტიან თვითმფრინავში ჯდომა არ იზიდავთ და კაბინაში ორი ადამიანის ხილვა ურჩევნიათ, მაგრამ ამის მიუხედავად, ბიზნესმა „ასეთ ძლიერ ნოვაციებს“ დრო აუცილებლად უნდა დაუთმოს და გამოიკვლიოს, თუ რა შეუძლია გააკეთოს ამ ტექნოლოგიამ მუშაობის გასაუმჯობესებლად.
ავიაკომპანიის პრეზიდენტი შესაძლებლად მიიჩნევს სრულად უპილოტო სამგზავრო თვითმფრინავების გაჩენასაც, თუმცა დიდი ხნის შემდეგ და ამბობს, რომ უპილოტო სამგზავრო თვითმფრინავებით ტრანსპორტირებას თავის სიცოცხლეში ვერ მოესწრება.