ევროპული ქვეყნების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანა რუსეთთან ომს ნიშნავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინდოეთში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ახლა ამბობენ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის შესახებ ფიქრობენ. ეს რუსეთთან ომს ნიშნავს“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს რუსეთთან ომისკენ უბიძგებს.

„ევროპული ელიტები თავიანთ მოსახლეობას მოსკოვის მხრიდან წარმოსახვითი საფრთხით აშინებენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ევროპასთან კონფლიქტის არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ყველაფერი მეორე მსოფლიო ომის შედეგებით გადაწყდა“, - აღნიშნა პუტინმა.

პუტინის განცხადებით, ყველაფერი, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოხდა, რუსეთის, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის, თანხმობით გაკეთდა.

„ის ყველაფერი, რაც ამ შეთანხმებებს ეწინააღმდეგება, ასევე, ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს და არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების ფუნდამენტურ პრინციპებს. სწორედ ამაშია მთელი საქმე. ისინი კი ცვლილებებს მოითხოვენ. მაშ, რა ცვლილებებს? მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვა სურთ?“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დასავლეთმა კავკასიაში სეპარატისტული განწყობების მხარდაჭერით რუსეთის სრულად დაშლა სცადა.

„პრაქტიკაში, ისინი კავკასიაში სეპარატიზმს მხარს პირდაპირ უჭერდნენ და რუსეთის სრულად დაშლას ცდილობდნენ. ეს ფაქტია“, - აღნიშნა პუტინმა.

ipn.ge