Goldman Sachs-ის კვლევითი განყოფილების უფროსი ეკონომისტი ჯოზეფ ბრიგსი აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოჩენით გამოწვეული ცვლილებები ამერიკის შრომის ბაზარში უკვე ჩანს და ასახულია დასაქმების მონაცემებში. ეკონომისტი აღნიშნავს, AI-ის გავლენა არ არის მხოლოდ თეორიული ან მომავლის საკითხი - ის უკვე პრაქტიკაში აისახა რეალურ მონაცემებზე. AI-მ დაიწყო ისეთი სამუშაოების ავტომატიზაცია, რომლებიც ადრე ადამიანის ჩარევას მოითხოვდა - განსაკუთრებით ტექნოლოგიურ, ანალიტიკურ და ადმინისტრაციულ პოზიციებზე. ეს პროცესი პირველ რიგში, ახალგაზრდა და კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ პროფესიონალებზე მოქმედებს.
Goldman Sachs-ის კვლევითი განყოფილების უფროსი ეკონომისტის თქმით, კომპანიების უმეტესობა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს წარმოებაში სრულმასშტაბიანად ჯერ არ იყენებს, ამიტომ შრომის ბაზარზე AI-ის მნიშვნელოვანი გავლენა ჯერჯერობით არ შეინიშნება. თუმცა, ტექნოლოგიურ სექტორში უკვე ფიქსირდება დასაქმების შენელება. ამ ტენდენციამ კი ყველაზე ძლიერად ახალგაზრდა თანამშრომლებზე იმოქმედა.
ჯოზეფ ბრიგსის თქმით, სწორედ ახალგაზრდა ტექნოლოგიური მუშაკები, რომელთა სამუშაოები ხელოვნური ინტელექტისთვის ყველაზე მარტივად შესასრულებელია, სამუშაო ადგილების ჩანაცვლების პროცესში ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. მისი განცხადებით, ტექნოლოგიურ სფეროში 20-დან 30 წლამდე ასაკის მქონე დასაქმებულთა უმუშევრობის მაჩვენებელი 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე 3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
„თუ გადავხედავთ ტექნოლოგიური სექტორის დასაქმების ტენდენციებს, ის ბოლო 20 წლის განმავლობაში საოცრად ხაზოვანი დინამიკით იზრდებოდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ რეალურად დავინახეთ ტექნოლოგიურ სექტორში დასაქმების შემცირება.“ - აღნიშნავს ბრიგსი.
2022 წლის ნოემბერში OpenAI-ის ChatGPT გამოუშვა. შემდეგ, ტექნოლოგიური ინდუსტრია სრულად გარდაიქმნა. ამ პროცესმა, მაგალითად, Nvidia გახადა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია. AI მოდელები სწრაფად ივითარებენ უნარებს ისეთი რუტინული დავალებების შესასრულებლად, რომლებიც ადრე მხოლოდ ადამიანურ შრომას მოითხოვდა. ზოგიერთ ექსპერტს კი უკვე მიაჩნია, რომ ზოგ შემთხვევაში ეს მოდელები იმდენად განვითარებულია, რომ ადამიანი პროგრამისტების ტოლფასად მიიჩნევიან. ამან გააჩინა შეშფოთება. მიუხედავად იმისა, რომ ავტომატიზაცია კომპანიებს უფრო პროდუქტიულს გახდის და აქციონერებს მეტად გაამდიდრებს, შრომის ბაზრის მნიშვნელოვანი სეგმენტები შესაძლოა უახლოეს წლებში დაზარალდეს.
ტექნოლოგიური სექტორის ხელმძღვანელები სულ უფრო ღიად საუბრობენ AI-ის გავლენაზე თანამშრომლებზე. კომპანიებმა, მათ შორის Alphabet-მა და Microsoft-მა, განაცხადეს, რომ ზოგ პროექტზე კოდის დაახლოებით 30% უკვე AI-ის მიერ იწერება. ამავე დროს, Salesforce-ის გენერალურმა დირექტორმა, მარკ ბენიოფმა, ივნისში თქვა, რომ AI მის კომპანიაში სამუშაოს დაახლოებით 50%-ს ასრულებს.