ვფიქრობ რომ ხელოვნური ინტელექტი ბევრად მეტ სამუშაო ადგილს ჩაანაცვლებს ვიდრე შექმნის, ამიტომ ადამიანებს რომლებიც რუტინულ სამუშაოებს ასრულებენ მოუწევთ უფრო მეტი სწავლა და ახალი შესაძლებლობების ძიება, - ამის შესახებ „ულტრასონიკის“ დამფუძნებელმა გიორგი ბაძაღუამ, ლევან ბოძაშვილის საავტორო გადაცემა „ნეირონში“, ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის დახვეწის ისეთ ეტაპზეა დღეს სამყარო და ისეთი რევოლუციის მოლოდინში, როგორიც ელექტროენერგიის გამოგონებამ გამოიწვია.

„ხელოვნურმა ინტელექტმა ჯერ კიდევ არ იცის როგორ იაზროვნოს, არ აქვს ლოგიკური აზროვნების უნარი, თუმცა მას აქვს წვდომა დიდი რაოდენობით მონაცემებზე. დღეს უკვე მეცნიერები ცდილობენ შეისწავლონ და მიხვდნენ ის ცნობიერება რომელიც ადამიანებს გვაქვს, თუმცა ზუსტად ისე შეიგრძნოს სამყარო რობოტმა, როგორც ეს ჩვენ შეგვიძლია ჯერჯერობით გადაუჭრელი პრობლემაა, ამიტომ ე.წ. სუპერ ინტელექტის ცნება ცოტა აბსტრაქტული არის და ვფიქრობ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს შესაძლებელი არ იქნება.

ზოგადად ინდუსტრიულმა რევოლუციებმა გარდა იმისა, რომ ბევრი სამუშაო ადგილი დააკარგვინა ადამიანებს, შექმნა ახალი, იგივეა მაგალითად ChatGPT-ის შემთხვევაშიც, მან შექმნა პროფესია, პროექტის ინჟინერი, რომელმაც უნდა დაწეროს კოდი, რაც ქმნის ამ ტექსტს, ასეთი პროფესიები ალბათ ძალიან ბევრი შეიქმნება. თუმცა, ვფიქრობ რომ ხელოვნური ინტელექტი ბევრად მეტ სამუშაოს ჩაანაცვლებს ვიდრე შექმნის, ამიტომ ადამიანებს რომლებიც რუტინულ სამუშაოებს ასრულებენ მოუწევთ უფრო მეტი სწავლა და ახალი შესაძლებლობების ძიება.

ვფიქრობ მალე აქტიურად შეიქმნება ციფრული ადამიანები, რომლებიც ხშირად რთულია გაარჩიო ნამდვილი ადამიანისგან იმდენად რეალურები არიან, ასეთები არიან მაგალითად ამინდის პროგნოზის წამყვანები, ჟურნალისტები და ა.შ. ახალმა თაობამ ეს მოცემულობა პირდაპირ მიიღო, მაშინ როდესაც ჩვენი ამის შესაქმნელად პროგრამირება დაგვჭირდა, არ ვიცოდით რომ ხელოვნური ინტელექტითაც შეიძლებოდა ამ ყველაფრის გაკეთება. არ ვიცი რამდენად შეიძლება ეს იყოს საფრთხე, თუმცა თუ ამას პოზიტიურად გამოვიყენებთ, თუნდაც სხვა პლანეტებზე სიცოცხლის გასაგრძელებლად, ვფიქრობ ეს პოზიტიურ ძვრებს გამოიწვევს.

ვფიქრობ იგივე ეტაპზე ვართ ახლა, როგორზეც მაშინ ვიყავით როცა ელექტროენერგია გამოიგონეს. შესაძლოა სწორედ წელს იყოს ის გარდამტეხი პერიოდი, როდესაც იმხელა ცვლილებას განიცდის სამყარო, როგორიც მაშინ როდესაც ფართო მასებისთვის ელექტროენერგია გამოიგონეს“, - აღნიშნა გიორგი ბაძაღუამ.

„ულტრასონიკის“ დამფუძნებელმა რობოტების ემპათიაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ადამიანსა და მათ შორის განსხვავება არის ის რომ, ისინი ტკივილს არ განიცდიან, თუმცა შესაძლოა ეს ყველაფერი მარტივ დონეზე, სიმულაციის გზით ჩაიდოს და რობოტებსაც ჰქონდეთ ემპათიის უნარი.