ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ინოვაციური სტარტაპ - ეკოსისტემის განვითარების და ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ თანამშრომლობას და ხელმისაწვდომია მთელი რიგი პროგრამები, მათ შორის, წარმატებული რეგიონული სტარტაპებისთვის. ამ კონტექსტში ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უზბეკეთის მხარეს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გამართული სტუდენტური ბანაკის მნიშვნელობას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ეხებოდა. ბანაკის მიმდინარეობისას, ქართველ და უზბეკ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ერთობლივად ემუშავათ საინტერესო პროექტებზე ხელოვნური ინტელექტის განვითარების, კიბერუსაფრთხოების, მანქანური სწავლების და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური მიმართულებით.
„ასეთი ბანაკები რეგულარულ ხასიათს ატარებს - როგორც სტუდენტებისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის იმართება მთელი წლის განმავლობაში და სხვადასხვა თემატიკით ხასიათდება, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიების მიმართულებით, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, იმუშაონ კონკრეტულ პროექტებზე, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და მაღალკვალიფიციურ მენტორებთან ერთად შექმნან პირველი ინოვაციური პროდუქტები“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარე თვეში ორი ბანაკი გაიმართა კახეთსა და ბაკურიანში, რომლის მონაწილეები, ერთი კვირის განმავლობაში, აქტიურად იყვნენ ჩართული სალექციო პროცესებში, ეცნობოდნენ ხელოვნების, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის ფუნდამენტურ პრინციპებს და მათ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში გამართულ ბანაკში, ქართველებთან ერთად, მონაწილეობდნენ უზბეკი სტუდენტებიც.
ბანაკში მონაწილეობისა და მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ანაზღაურებას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ ცოდნისა და ინტერესის გაზრდას და მათი უნარების განვითარებას.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს