კვლევა: ილონ მასკის „გროკმა“ სამი მილიონი სექსუალიზებული გამოსახულება შექმნა

მკვლევარების მიერ 22 იანვარს გავრცელებული განცხადების თანახმად, ილონ მასკის კომპანიის მიერ ხელოვნური ინტელექტის პროგრამა „გროკის“ საშუალებით სულ რამდენიმე დღეში ქალებისა და ბავშვების სავარაუდოდ სამი მილიონი სექსუალიზებული გამოსახულების შექმნამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ მსოფლიო აღშფოთება გამოიწვია. „გროკზე“ რედაქტირების ახალი ფუნქციის ჩაშვებამ მომხმარებლებს საშუალება მისცა, რეალური ადამიანების ფოტოები ინტერნეტში ისეთი მარტივი ტექსტური მითითებებით შეეცვალათ, როგორიცაა „ჩააცვი მას ბიკინი“ ან „გაჰხადე ტანსაცმელი“. უხამსი „დიპფეიკების“ ნიაღვარმა ინტერნეტი მოიცვა, რამაც რამდენიმე ქვეყანას „გროკის“ აკრძალვისკენ უბიძგა და რეგულატორებისა და მსხვერპლების რისხვა გამოიწვია. „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტმა „გროკმა“, სავარაუდოდ, სამი მილიონი სექსუალიზებული გამოსახულება შექმნა, მათ შორის 23 000 ისეთი, რომლებზეც, როგორც ჩანს, ბავშვები არიან გამოსახულნი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პლატფორმა X-ზე „გროკის“ მიერ უზრუნველყოფილი გამოსახულების რედაქტირების ახალი ფუნქცია ამოქმედდა“, - განაცხადა არაკომერციულმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, „ციფრული სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა“ (CCDH), რომელიც ონლაინ დეზინფორმაციის მავნე ზეგავლენას იკვლევს.

CCDH-ის ანგარიშის თანახმად, ფოტორეალისტური გამოსახულებების ეს მოცულობა „გროკმა“ 11-დღიან პერიოდში შექმნა, ანუ წუთში საშუალოდ 190. ანგარიშში მითითებული არ არის, რამდენი სურათი შეიქმნა მასზე გამოსახული ადამიანების თანხმობის გარეშე. კვლევაში აღნიშნულია, რომ „გროკის“ საშუალებით შექმნილ სექსუალიზებულ სურათებში იდენტიფიცირებულები არიან საჯარო ფიგურები: ამერიკელი მსახიობი სელენა გომესი, მომღერლები ტეილორ სვიფტი და ნიკი მინაჟი, ასევე პოლიტიკოსები - შვედეთის ვიცე-პრემიერი ება ბუში და აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. „მონაცემები ცხადყოფს: ელონ მასკის „გროკი“ არის ქარხანა, რომელიც სექსუალური ძალადობისთვის საჭირო მასალებს აწარმოებს“, - აღნიშნა CCDH-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იმრან აჰმედმა.

„დამცავი მექანიზმების გარეშე ხელოვნური ინტელექტის დანერგვით, მასკმა ხელი შეუწყო ორ კვირაში ბავშვების სავარაუდოდ 23 000 სექსუალიზებული სურათისა და ზრდასრული ქალების მილიონობით ფოტო-გამოსახულების შექმნას“... როდესაც საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ კომპანიას ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდა, აღნიშნულზე მყისიერი კომენტარი პლატფორმა X-ს არ გაუკეთებია. xAI-მა მხოლოდ მოკლე ავტომატური პასუხი გაგზავნა: „ტრადიციული მედია ცრუობს“. გასულ კვირას, გლობალური აღშფოთების შემდეგ, X-მა გამოაცხადა, რომ „გეოგრაფიულად დაბლოკავდა შესაძლებლობას“ „გროკისა“ და X-ის ყველა მომხმარებლისთვის, შეექმნათ ადამიანების გამოსახულებები „ბიკინებში, საცვლებში და მსგავს სამოსში“ და ამას გააკეთებდა იმ იურისდიქციის ფარგლებში, რომელშიც ასეთი ქმედებები უკანონოა. ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად სად შეიზღუდება „გროკის“ გამოყენება.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა xAI-ის წინააღმდეგ, სექსუალური ხასიათის მასალების გამო, გამოძიება დაიწყო, ხოლო რამდენიმე ქვეყანამ საკუთარი მოკვლევა წამოიწყო. „დაგვიანებული ზომები ამ ზიანს ვერ გამოასწორებს. ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს იმისთვის, რომ მოძალადეებს აძლევენ ძალაუფლებას, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, ქალები და გოგონები მსხვერპლად აქციონ “, - აღნიშნა აჰმედმა. „გროკის“ საშუალებით „ციფრული გახდის“ ტალღა ემთხვევა ტექნოლოგიური აქტივისტების მზარდ შეშფოთებას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გამაშიშვლებელი აპლიკაციების გავრცელებას უკავშირდება. მალაიზიისა და ინდონეზიის შემდეგ, გასულ კვირას ფილიპინები გახდა მესამე ქვეყანა, რომელმაც „გროკის“ მოხმარება აკრძალა, ხოლო ბრიტანეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ კომპანიაზე ზეწოლას გააგრძელებენ.

ოთხშაბათს, ფილიპინების კიბერდანაშაულის გამოძიებისა და კოორდინაციის ცენტრმა „გროკზე“ წვდომაზე ხანმოკლე დროით დაწესებული აკრძალვა მას შემდეგ გააუქმა, რაც xAI დათანხმდა, რომ ადგილობრივი ბაზრისთვის ინსტრუმენტის მოდიფიცირებას მოახდენდა და პირობა დადო, რომ „პორნოგრაფიული შინაარსის“ კონტენტის შექმნის შესაძლებლობა აღარ იარსებებდა.

წყარო: 1 არხი