აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „ოქროს გუმბათის“ პროექტის წარმატებით დასრულებისთვის გრენლანდიის შეძენა აუცილებელია. „ბიბისი ნიუსის“ ცნობით, ამ ახალი თაობის რაკეტსაწინააღმდეგო კოსმოსურმა ფარმა შეერთებული შტატები ბოლო პერიოდში გაძლიერებული მოწინააღმდეგეებისგან უნდა დაიცვას.

ამ დღეებში თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ უფრო გააძლიერა ზეწოლა დანიაზე, ნუუკსა და ევროპაზე. ვაშინგტონს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააკონტროლოს გრენლანდია, რომლის ყიდვასაც დაჟინებით ითხოვს. ვინაიდან მას ამ გზაზე დაბრკოლებები ხვდება, შაბათს, 17 იანვარს, ტრამპი რიგი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ 10-პროცენტიანი ტარიფის შემოღებით დაიმუქრა. სადამსჯელო ზომები ძალაში 1 თებერვალს უნდა შევიდეს. ივნისიდან ის 25 პროცენტამდე გაიზრდება, თუ სტრატეგიულ კუნძულზე შეთანხმება არ შედგება.
„ბიბისი“-ს ცნობით, თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ „ოქროს გუმბათის“ შექმნაში გრენლანდიაზე კონტროლს საკვანძო მნიშვნელობა აქვს. მასშტაბური თავდაცვითი ფარის იდეა პირველად გასული წლის აღმასრულებელი ბრძანების ფარგლებში გაჟღერდა. პოტენციურად „კატასტროფული“ საფრთხეების ფონზე, რომლებიც დროთა განმავლობაში „უფრო ინტენსიური და რთული“ გახდა, ამ დოკუმენტის თანახმად, ამერიკის დასაცავად „რკინის გუმბათის“ შექმნაა გათვალისწინებული.
„როიტერის“ თანახმად, პროექტი ტრამპის სამხედრო დაგეგმარების ქვაკუთხედად არის მიჩნეული. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა გასული წლის 20 მაისს ტრამპთან ერთად განაცხადა, რომ სისტემას ექნება რამდენიმე დონე „ხმელეთზე, ზღვასა და კოსმოსში, კოსმოსური სენსორებისა და ჩამჭრელი (interceptor) რაკეტების ჩათვლით“.
ტრამპმა დასძინა, რომ სისტემა შეძლებს მოწინააღმდეგის რაკეტების განეიტრალებას „მაშინაც კი, თუ ისინი მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან ან კოსმოსიდან იქნება გაშვებული“, ხოლო პროგრამის სხვადასხვა კომპონენტი განთავსდება ისეთ ადგილებში, როგორიცაა ფლორიდა, ინდიანა ან ალასკა.
„ადრეული გაფრთხილების სისტემა“
როგორც „ბიბისი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციას არ წარმოუდგენია კონკრეტული დეტალები იმის შესახებ, თუ რა როლი ეკისრება გრენლანდიას ამ პროექტში, სავარაუდოდ, ის შეიძლება მოიაზრებოდეს, როგორც ადრეული გაფრთხილების სისტემის ნაწილი.
ბრიტანული ახალი ამბების პორტალი ასევე აღნიშნავს, რომ გრენლანდიაში მდებარე აშშ-ის პიტუფიკის კოსმოსური ბაზა წარსულში გამოიყენებოდა იმ ბალისტიკური რაკეტების გამოსავლენად, რომლებიც, აშშ-ის ვარაუდით, არქტიკის თავზე იფრენდნენ, თუ საბჭოთა კავშირთან „ცივი ომი“ გამწვავდებოდა.
ექსპერტები გამოდიან გაფრთხილებით, რომ ამჟამინდელი თავდაცვა სავალალოდ არაადეკვატური იქნება, თუ აშშ-ს თავს დაესხმებიან ჩინეთი და რუსეთი, რომლებსაც რაკეტების დიდი არსენალი გააჩნიათ.
მაგრამ „ოქროს გუმბათი“ ამერიკელებისთვის ძალიან ძვირი დაჯდება. კონგრესის საბიუჯეტო ოფისმა მისი ღირებულება, მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, 542 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა, თანაც - მხოლოდ კოსმოსში განთავსებული კომპონენტების გათვალისწინებით. მთლიანობაში კი, პროექტი, შესაძლოა, 740.5 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდეს.
პროგრამის ყველა კომპონენტი, რომელიც ტრამპის თქმით, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, 2029 წლის იანვარში დასრულდება, აშშ-ში უნდა დამზადდეს.
დემოკრატმა კანონმდებლებმა უკვე გამოხატეს შეშფოთება შესყიდვების პროცესისა და მილიარდერ ილონ მასკის „სპეის იქსის“ ჩართულობის გამო, რომელიც ტრამპის მოკავშირეა და, Palantir-თან და Anduril-თან ერთად, სისტემის ძირითადი კომპონენტების შექმნის ფავორიტად გამოიკვეთა.
„ოქროს გუმბათი“ შთაგონებულია ისრაელის „რკინის გუმბათით“ - მიწაზე განთავსებული თავდაცვითი ფარით, რომელიც ებრაულ სახელმწიფოს იცავს რაკეტებისა და ჭურვებისგან, რომლებსაც ხშირად მეზობელი ქვეყნებიდან უშვებენ. თუმცა, ტრამპის „ოქროს გუმბათი“ გაცილებით ფართომასშტაბიანია და ითვალისწინებს როგორც უამრავი სათვალთვალო თანამგზავრის, ასევე მოიერიშე თანამგზავრებისგან შემდგარი მთელი კოსმოსური ფლოტის შექმნას.