გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია ISDERA გაკოტრდა, ანუ 1980-იანი წლებში სახელგანთქმული ბრენდის მიმზიდველ, მაგრამ უცნაურ სპორტქარებს გზებზე, სავარაუდოდ, აღარასდროს ვიხილავთ. გერმანიის ქალაქ ლეონბერგში 1982 წელს დაფუძნებული ეს კომპანია ძვირად ღირებულ სპორტულ ავტომობილებს აწარმოებდა, რომელთაც ექსკლუზიურობა და ტექნიკური ექსტრავაგანტურობა გამოარჩევდა. ISDERA-ს თითოეული ავტომობილი სპეციალური შეკვეთით მზადდებოდა, ხოლო შეკვეთას კომპანია მხოლოდ იმ ადამიანისგან იღებდა, რომელიც კომპანიის დამფუძნებელს, ებერჰარდ შულცს თავად იცნობდა. შეზღუდული წარმოების დამსახურებით, ISDERA-ს თითოეული ავტომობილი დღეს დიდ საკოლექციო ღირებულებას ატარებს.

საავტომობილო ბრენდის სახელი, შესაძლოა, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ის “სტილის, დიზაინის და რბოლის საინჟინრო ოფისის” შემოკლებული ვარიანტია. თავად ეს მიდგომა კომპანიის დამფუძნებლის, ებერჰარდ შულცის დნმ-ში იყო გადმოცემული, რადგან საკუთარი კომპანიის დაფუძნებამდე ის Porsche-ში მუშაობდა. გერმანული ავტომობილების სიყვარული შულცს სამომავლოდაც გაჰყვა, რადგან ISDERA-ს ავტომობილები გერმანული საავტომობილო ინჟინერიის საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნებოდა, ხოლო თავად ავტომობილები, ხშირად, არსებული მანქანების ნაწილებს იყენებდა.

აი, სწორედ ამ მიდგომით შეიქმნა ISDERA Imperator 108i — საავტომობილო ბრენდის ყველაზე ცნობილი მოდელი, რომელიც 1984-1993 წლებში იწარმოებოდა. ეს ავტომობილი Mercedes-Benz CW311-ის კონცეპტუალურ ავტომობილს ეფუძნებოდა, რომლის შექმნაში მონაწილეობა თავად ებერჰარდ შულცმა მიიღო. Imperator-ში Mercedes-Benz-ის V8-ის ტიპის ძრავი იდო, რომელიც 400-მდე ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და საუკეთესო ვარიანტში 283 კმ/სთ-მდე ჩქარდებოდა. თავად ავტომობილი მეტად ფუტურისტული იყო, რაც ვერტიკალური კარებით, ამომხტომი მაშუქებით და პერისკოპული უკანა ხედვის კამერით დასტურდებოდა. ჯამში, ISDERA-მ Imperator-ის 30 ეგზემპლარი გაყიდა.

Imperator-ის არც თუ ისე დიდმა კომერციულმა წარმატებამ ებერჰარდ შულცის კომპანია არათუ შეაშინა, არამედ ახალი, უფრო ამბიციური მიზნებისკენ გაუხსნა გზა. აი, ასე 1993 წელს მსოფლიომ ISDERA Commendatore 112i იხილა, რომელიც არათუ ჩვეულებრივ ავტომობილად, არამედ Bugatti-ის და Ferrari-ის კონკურენტად შეიქმნა. თავად ავტომობილის სახელწოდება — Commendatore — ლეგენდარულ ენცო ფერარის გვახსენებს. Imperator-ში Mercedes-Benz-ის 6-ლიტრიანი V12-ტიპის ძრავი იდო, რომელიც 408 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 342 კმ/სთ-მდე ჩქარდებოდა. ავტომობილი აღჭურვილი იყო აქტიური დაკიდების სისტემით, DRS-იანი შასით და ავტომატური უკანა სპოილერით. აგრეთვე შთამბეჭდავი იყო ავტომობილის დიზაინი, რომელიც Le Mans-ის 24-საათიანი რბოლით იყო შთაგონებული, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, ავტომობილს ლე-მანის ასფალტზე არასდროს გაუვლია.

Commendatore-ს ფინანსური ჩავარდნის შემდეგ, ებერჰარდ შულცის კომპანიას სპორტქარები აღარ შეუქმნია, მაგრამ ავტომობილი ISDERA-მ მაინც შექმნა. აი, ასე იხილა კაცობრიობამ 2006 წელს გამოშვებული ISDERA Autobahnkurier-ი, რომელიც გერმანელმა ინჟინრებმა 1930-იანი წლების გრანდ-ტურერის სხეულში მოათავსეს. ავტომობილში Mercedes-ის V8-ტიპის 10-ლიტრიანი ძრავი იდო, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, რითაც ISDERA-მ ამ კლასის ავტომობილებში ახალი სიტყვა თქვა.

გერმანული ISDERA არასდროს ყოფილა ბრენდი, რომელიც ბევრ ავტომობილს შექმნიდა. წარმოუდგენელ ექსკლუზიურობაზე დაფუძნებული ეს კომპანია იდეებს უფრო ქმნიდა, ვიდრე ავტომობილებს, რამაც, საბოლოო ჯამში, კომერციული სარგებელი ვერ მოუტანა და ავტომწარმოებელი გაკოტრებამდე მიიყვანა. თუმცა რაც უნდა დიდი იყოს ISDERA-ს ფინანსური გასაჭირი, ებერჰარდ შულცის მიერ 80-იან წლებში შექმნილმა ბრენდმა ავტოენთუზიასტების გული მოიგო.

წყარო: bm.ge