„დისკორდი“ თავისი ყველა მომხმარებლის ანგარიშს, გარკვეული დროით, „თინეიჯერის რეჟიმზე“ გადაიყვანს, სანამ არ გადაამოწმებს, არიან თუ არა ისინი სრულწლოვანები. პლატფორმა აცხადებს, რომ „ზრდასრულთა უმეტესობას“ რაიმე სახის საიდენტიფიკაციო მონაცემის ან ვიდეო სელფის წარდგენა არ დასჭირდება, თუმცა ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი მონაცემთა გაჟონვის შესაძლო რისკით მაინც შეშფოთებულია.

პლატფორმა „დისკორდი“ თავისი ყველა მომხმარებლის ანგარიშს „თინეიჯერის რეჟიმზე“ გადაიყვანს და გარკვეულ შეზღუდვებს დაუწესებს, სანამ არ დარწმუნდება, რომ მათ სრულწლოვანების ასაკს უკვე მიაღწიესფოტო: ნიკოლას კოკოვლისი / სააგენტო „ნურფოტო“ / საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

პლატფორმა „დისკორდი“ ვითარების განმუხტვას ცდილობს, რადგან ორშაბათს, 9 თებერვლს გავრცელებულმა მისმა განცხადებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. კომპანიის ცნობით, ის მალე დანერგავს ასაკის გადამოწმების მექანიზმებს, რათა ზრდასრულთა კონტენტზე არასრულწლოვნების წვდომა შეიზღუდოს. ამ განცხადებამ, პერსონალური მონაცემების გაჟონვის რისკთან დაკავშირებით, შიშები გააჩინა.

კომპანია Arcom-ის ცნობით, პლატფორმა „დისკორდს“ საფრანგეთში, 2025 წლის მონაცემებით, 11-17 წლის მოზარდების 9 პროცენტი ყოველდღიურად იყენებს. მარტიდან ის თავის ყველა მომხმარებელს ეტაპობრივად გადაიყვანს „თინეიჯერის რეჟიმზე“, რაც ზრდასრულთა კონტენტის ჩვენებას შეზღუდავს და პირად შეტყობინებებსა და უცნობი ადამიანებისგან შემოსულ მეგობრობის თხოვნებს გაფილტრავს. ამ რეჟიმიდან გასასვლელად საჭიროა, პლატფორმა დარწმუნდეს, რომ მომხმარებლის ასაკი მოთხოვნებს შეესაბამება.

როგორც „დისკორდი“ პრეს-რელიზის მეშვეობით იუწყება, შემოწმება შეიძლება რამდენიმე ფორმით მოხდეს. კერძოდ - ასაკი განისაზღვროს მომხმარებლის ვიდეო სელფის მეშვეობით ან ოფიციალური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. „ვიდეო სელფი მომხმარებლის მოწყობილობას არ გასცდება, ხოლო პირადობის მოწმობის სურათები სწრაფად, უმეტეს შემთხვევაში, ასაკის დადასტურებისთანავე წაიშლება“, - ირწმუნება კომპანია. თუმცა, ზოგიერთმა მომხმარებელმა ამ პროცედურებს, შესაძლოა, თავი აარიდოს, რადგან „დისკორდმა“ დააანონსა ალგორითმის დანერგვა, რომელიც ასაკს მომხმარებლის აქტივობის მიხედვით განსაზღვრავს.

„ზრდასრულთა უმეტესობისთვის ასაკის შემოწმება საჭირო არ იქნება“

სოციალურ ქსელებში ახალ ამბავს ძალიან უარყოფითად შეხვდნენ. ბევრი ინტერნეტმომხმარებელი იხსენებს, რომ „დისკორდიდან“ ერთხელ უკვე მოხდა მონაცემთა გაჟონვა, რაც გასული წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი. გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, ამან შესაძლებელი გახადა პოტენციური წვდომა იმ 70 ათასი მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე, რომლებმაც მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისს მიმართეს.

სხვები აღნიშნავენ, რომ ვიდეო სელფით ასაკის განსაზღვრისთვის გვერდის ავლა ვებკამერასთან ვიდეოთამაშების ავატარების ჩვენებით შეიძლება. „ერთ-ერთი ასეთი რისკ-ფაქტორი, ვიდეოთამაშ Death Stranding-ის გამოყენებით, ამ კვირაში მყისიერად გამოსწორდა“, - განუცხადა პლატფორმის ერთ-ერთმა მენეჯერმა, სავანა ბადალიჩმა ამერიკულ ვებსაიტ The Verge-ს.

„დისკორდმა“ სამშაბათს პლატფორმა X-ზე დამატებითი განმარტება გაავრცელა. „ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას „დისკორდის“ გამოყენება ისევე შეეძლება, როგორც ამას დღეს აკეთებს და მათ არასდროს მოსთხოვენ ასაკის დადასტურებას“, -ირწმუნება კომპანია და მომხმარებლებს შეახსენებს, რომ მთავარი ცვლილება ზრდასრულთა კონტენტზე წვდომას ეხება. „ვიდეო სელფით ასაკის განსაზღვრა მთლიანად თქვენი მოწყობილობიდან, რეალურ დროში ხდება და „დისკორდი“ და მისი პროვაიდერები მას ვერასდროს მიიღებენ“, - ადასტურებს პლატფორმა.

„ზრდასრულთა უმეტესობისთვის ასაკის დადასტურება საჭირო არ იქნება“, - კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სავანა ბადალიჩმა The Verge-თან საუბარში. „დისკორდი“ იყენებს ასაკის შეფასების მოდელს, რომელიც ეყრდნობა ანგარიშთან დაკავშირებულ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა მისი გამოყენების წესი, აქტივობის მონაცემები, მოწყობილობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და ქცევითი პატერნები სხვადასხვა ჯგუფებში“, - ამბობს მენეჯერი, რომელიც ირწმუნება, რომ „ამ პროცესში მომხმარებლის პირად მიმოწერას ან რაიმე სახის შეტყობინებას „დისკორდი“ არ იყენებს“.

წყარო: 1 არხი