Cnick-ის პირველი ჭკვიანი ბეჭედი, რომელსაც Tesla-ს ავტომობილის გასაღების ფუნქცია ჰქონდა 2019 წელს შეიქმნა. ამას მოჰყვა უკონტაქტო გადახდის ფუნქციის მქონე და ძვირფასი მეტალის ბეჭდები. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას Cnick-ის თანადამფუძნებელი კობა ცერცვაძე ამბობს, Cnick-ის გასაღების ფუნქციის მქონე ბეჭდებზე დიდი მოთხოვნაა აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და სამხრეთ კორეაში. გადახდის ფუნქციის მქონე ბეჭდები კი ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში იყიდება და უკვე 60-მდე პარტნიორი ბანკი ჰყავთ, თუმცა, ამ ბანკებს შორის არაა ქართული ბანკები, ამიტომ Cnick-ის ბეჭდები ქართველი მომხმარებლისთვის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის.

ცოტა ხნის წინ, X-ე (ყოფილი Twitter-ი) გავრცელდა ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Cnick-ის ჭკვიანი ბეჭდის მფლობელი ილონ მასკის დედა გახდა. როგორც კობა ცერცვაძე ამბობს, მეი მასკი პროდუქტით აღფრთოვანებულია. 

„კომერსანტი“ კობა ცერცვაძეს Cnick-ის უნიკალური ჭკვიანი ბეჭდების შექმნის, ფუნქციებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

როდის გაჩნდა ჭკვიანი ბეჭდის შექმნის იდეა?

კობა ცერცვაძე, Cnick-ის თანადამფუძნებელი: იდეა უნივერსიტეტში სწავლის დროს, 2018 წელს გაჩნდა. გვინდოდა შეგვექმნა ბეჭედი, რომელიც იქნებოდა მულტიფუნქციური, შევძლებდით მის გასაღებად, ასევე ორგანიზაციის საშვად და ტერმინალებზე გამოყენებას, სადაც Visa და Mastercard-ის ბარათები მიიღება და ა.შ. ასეთი ბეჭდის შექმნის შემთხვევაში აღარ იქნებოდა საჭირო ბარათების ტარება და კონკრეტულ სიტუაციაში სმარტფონის გამოყენება, რაც უფრო გაამარტივებდა ყოველდღიურ ოპერაციებს.

როდის შეიქმნა პირველი ბეჭედი და რამდენი იყო ინვესტიცია?

„დეველოპმენტის“ პერიოდი 2 წელი გვქონდა და პირველი ბეჭედი, რომელსაც ავტომობილის გასაღების ფუნქცია ჰქონდა, 2019 წლის ნოემბერში გამოვუშვით და ეს იყო კონკრეტულად Tesla-ს ავტომობილზე მორგებული ბეჭედი და ამ ბეჭდის საშუალებით შესაძლებელი იყო ავტომობილის გაღება, დაკეტა, დაქოქვა, ის ყველა იმ ფუნქციას ასრულებდა, რასაც გასაღები.

რაც შეეხება ინვესტიციას, მხოლოდ სტარტაპ საქართველოსგან მიღებული 100 000 ლარი გვქონდა. გრანტი 2017 წელს მივიღეთ. ეს იყო პირველი პრეცედენტი მსოფლიოში. ბეჭედი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა აშშ-ში გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მეტი Tesla-ს ავტომობილი იქ არის.

სად იყიდება თქვენი ბეჭდები და რა ღირს?

თავიდან ონლაინ, ჩვენი საიტის მეშვეობით, ვყიდდით და მერე სხვადასხვა e-commerce საიტებზეც გახდა მისი ყიდვა შესაძლებელი, მაგალითად amazon-ზე. საწყისი ფასი იყო 100 დოლარის ფარგლებში. გასაღების ფუნქციის მქონე ბეჭდები ყველაზე პოპულარული იყო აშშ-სა და კანადაში, შემდეგ უკვე სამხრეთ კორეასა და ავსტრალიაში გახდა საკმაოდ ცნობადი პროდუქტი და ბოლოს ევროპაში.

რამ განაპირობა თქვენი ბეჭდების პოპულარობა?

მანამდე არ არსებობდა ბეჭედი გასაღების ფუნქციით და ჩვენ პირველები ვიყავით ვინც ამ პროდუქტის პოტენციალი დავინახეთ. მას არ სჭირდება დატენა და ყოველთვის თან გაქვს. Tesla-ს აქვს ერთადერთი ალტერნატივა - სმარტფონის აპლიკაციით შეიძლება მანქანის დაქოქვა-გაღება, მაგრამ აპლიკაცია ტექნიკური პრობლემების გამო „ჭედავს“ ხოლმე და მას დატენა სჭირდება. როდესაც გასაღებს ეხება საქმე, რაღაც საიმედო სჭირდებოდა მომხმარებელს, რაც არც დაუჯდება და არც „გაჭედავდა“. ამას გარდა, ბეჭედი წყალგაუმტარია და წყალზე არ ზიანდება.

თქვენი ბეჭედი მხოლოდ Tesla-ს მანქანებზე მუშაობს?

ჩვენი პირველი ბეჭედი მხოლოდ Tesla-სთვის იყო, მაგრამ ახლა სხვა ავტომწარმოებლებთან ვთანამშრომლობთ და გვინდა, მათი გასაღების ინტეგრაცია მოხდეს ჩვენს ბეჭედთან. რის შემდეგაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომელი მოდელის ავტომობილიც ჰყავს, მასთან დააკავშიროს ბეჭედი.

გვიამბეთ Tesla-სტან თანამშრომლობის შესახებ.

თავდაპირველად Tesla-თან შეთანხმება არ გვქონია, ჩვენ თვითონ განვავითარეთ აპლიკაცია, რომელიც Tesla-სთან თავსებადი იქნებოდა. უსაფრთხოების უმაღლესი დონე იყო დაცული. შემდეგ კომუნიკაცია გვქონდა ტესლას ინტელექტუალური საკუთრების დეპარტამენტთან და იდეა მოეწონათ. იმ მომენტში ოფიციალური თანამშრომლობა არ დაგვიწყია, მაგრამ შემდეგ Tesla-სგან ნებართვა მივიღეთ.

როდის გამოუშვით ახალი ბეჭედი, რომელსაც უკვე გადახდის ფუნქციაც აქვს?

2021 წლის ბოლოს ბეჭედს ახალი - უკონტაქტო გადახდების ფუნქცია დავამატეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ბეჭდით შეიძლება გადაიხადო ყველა იმ მაღაზიაში, სადაც Visa და Mastercard-ის ბარათები მიიღება. ერთი ბეჭდით უკვე ორივე ფუნქციონალის განხორციელება შეიძლება, როგორც მანქანის გასაღების, ისე გადახდების. გადახდების ფუნქციით ბეჭედი ხელმისაწვდომია ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მასშტაბით, ჯამში 60-მდე პარტნიორი ბანკი გვყავს.

რა ღირს ეს ახალი ბეჭედი?

120 ევროა საწყისი ფასი.

საქართველოში იცნობენ თქვენს ბეჭდებს?

საქართველოში არ არის ბეჭდები ხელმისაწვდომი იმიტომ, რომ საქართველოში არსებულ ბანკებთან არ ვთანამშრომლობთ, რადგან ისინი ჩვენს სისტემაში არ არიან ჩართული. ჩვენ გვინდა, მაგრამ მათი მხრიდან  არ იყო თანამშრომლობის სურვილი, თუმცა, ქართულ ბანკებთან თანამშრომლობა ახლაც გვინდა ვცადოთ.

ილონ მასკის დედა თქვენს რომელ ბეჭედს ატარებს?

ახლახან გამოვუშვით ძვირფასი მეტალისგან - ვერცხლისგან დამზადებული ბეჭედი და ეს იყო ის ბეჭედი, რომელიც მასკის დედას აქვს.

რა ღირს ვერცხლის Cnick-ის ბეჭედი?

200 დოლარი. ის პირველი მეტალისგან დამზადებული ჭკვიანი ბეჭედია, რომელსაც გასაღების და გადახდის ფუნქცია აქვს. აქამდე მსგავსი ბეჭდის დამზადება ტექნიკურად არ ხერხდებოდა, მაგრამ  ჩვენ ეს პრობლემა მოვაგვარეთ და პირველი მეტალის ჭკვიანი ბეჭედი შევქმენით.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

სამომავლოდ გვინდა, რომ სხვა ავტომწარმოებლები დავაინტეგრიროთ ჩვენს სისტემაში, მხოლოდ Tesla-თი რომ არ ვიყოთ შემოფარგლული, მაგალითად Hyundai, BMW და სხვა ბრენდებიც მოვიცვათ. მეორე მხრივ - პროდუქტის განვითარების კუთხით, გვინდა დიზაინი განვავითაროთ და ოქროს Cnick-ის ბეჭდები შევქმნათ, რომელიც პრემიუმ ბაზარზე გაგვიყვანს. გადახდების ფუნქციას რაც შეეხება, გვინდა საქართველოშიც იყოს შესაძლებელი Cnick-ის ბეჭდების გამოყენება. განვიხილავთ ასევე სხვა ქვეყნებში შესვლას, პირველ რიგში ეს იქნება აზიის რეგიონი.