ChatGPT-ს ადამიანები უკვე სამედიცინო საკითხებზე სასაუბროდაც იყენებენ და OpenAI-ის სტატისტიკაც ამაზე მოწმობს: ყოველკვირეულად პლატფორმაზე 230 მილიონზე მეტი ადამიანი სვამს კითხვას თავიანთი ჯანმრთელობისა თუ კეთილდღეობის შესახებ. ამიტომაც გადაწყვიტეს ცალკე ChatGPT Health-ის ჩაშვებაც. აქ თქვენი საუბრები სხვა ჩატებისგან განცალკევებული იქნება, შესაბამისად, ჩეტბოტთან არც სტანდარტულ მიმოწერას ემსგავსება.

ხოლო, თუ თქვენს ჯანმრთელობაზე საუბარს ჩატის მიღმა დაიწყებთ, AI ამ სექციაში გადასვლისკენ მოგიწოდებთ. უშუალოდ Health-ის განყოფილებაში კი ჩვეულ გამოცდილებას შემოგთავაზებთ, მაგალითად, თუ რჩევებს სთხოვთ მარათონისთვის სავარჯიშოდ, მას ეცოდინება, რომ მორბენალი ხართ და ფიტნესმიზნები გამოძრავებთ. 

საინტერესოა, რომ ChatGPT Health-ის ინტეგრირება თქვენს პერსონალურ ინფორმაციებსა თუ სამედიცინო ჩანაწერებშიც შეგეძლებათ ისეთი კეთილდღეობის აპლიკაციებიდან, როგორებიცაა Apple Health, Function და MyFitnessPal. თუმცა OpenAI აცხადებს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საუბრებს მოდელების გასაწვრთნელად არ გამოიყენებს. 


OpenAI-ის აპლიკაციების CEO ფიდჯი სიმო კი აცხადებს, რომ ChatGPT Health ჯანდაცვის სფეროში არსებულ საკითხებს პასუხობს, იქნება ეს ფასები, ხელმისაწვდომობის ბარიერები, გადავსებული ჯავშნები ექიმებთან თუ ზრუნვის ნაკლებობა.

მართალია, რეალურადაც არსებობს მსგავსი გამოწვევები ჯანდაცვის სფეროში, მაგრამ AI ჩეტბოტების სამედიცინო რჩევებისთვის გამოყენება, თავის მხრივ, გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს — ისეთი დიდი ენობრივი მოდელები, როგორიც ChatGPT გახლავთ, თქვენს მოთხოვნებზე სავარაუდო პასუხებს პროგნოზირებს და არა, ყველაზე სწორს, რადგან LLM-ებმა არ იცის, რა არის სწორი და რა, არასწორი. ამასთან, AI მოდელების შემთხვევაში კვლავ არსებობს ჰალუცინაციების პრობლემა. 

როგორც ჩანს, ამას OpenAI-იც აცნობიერებს და აცხადებენ, რომ ChatGPT Health არ არის დიაგნოზის დასასმელად ან მკურნალობის დასანიშნად განკუთვნილი მოწყობილობა. 

ფუნქციის ჩაშვება მომდევნო კვირებში იგეგმება