ხუთშაბათს, 16 იანვარს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ „სრულიად უსაფუძვლო, გაუაზრებელი და საზიანო“ უწოდა ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ მოკავშირეს, მათ შორის, ესტონეთს, მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მიკროსქემების ექსპორტი ეზღუდება.
აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში გახდა ცნობილი. ის ევროკავშირის ქვეყნებს ორ ნაწილად ყოფს. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, შეძენილი მიკროსქემების რაოდენობიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანაზე გავრცელდება, დანარჩენ 10 ქვეყანას კი ის არ შეეხება.
„ეს პაწაწინა ჩიპები აძლიერებს ხელოვნური ინტელექტის ჩატ ბოტების ბუმს, როგორიცაა, მაგალითად, ჩატ ჯიპიტი და ხელოვნური ინტელექტის სხვა ტექნოლოგიები“, - აღნიშნავს გამოცემა. „პოლიტიკო“ ასევე იუწყება, რომ ევროპა დამოკიდებულია ამერიკულ კომპანიებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს ამ კომპონენტებს აწვდიან. ამასთან, ვაშინგტონი ხელოვნური ინტელექტის მიკროსქემებზე ჩინეთის წვდომის დაბლოკვას ცდილობს.
ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, 2004 წლის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებული სახელმწიფოების უმეტესობა, პორტუგალია, თურქეთი და შვეიცარია, ახალი შეზღუდვებიდან გამომდინარე, „მეორე (ყვითელი) დონის“ კატეგორიაში აღმოჩნდნენ.
ვითარება არ შეცვლილა დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ასევე კანადისთვის, იაპონიისთვის, სამხრეთ კორეისთვის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიისთვის, რომლებიც კვლავ „პირველ (ლურჯ) დონეზე“ რჩებიან.
მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება „სრულიად უსაფუძვლო, გაუაზრებელი და საზიანოა არა მხოლოდ ე.წ. „მეორე კატეგორიაში“ გადაყვანილი ქვეყნებისთვის, არამედ თავად შეერთებული შტატებისთვისაც“.
„სრულიად მიუღებელია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე წვდომა შეუზღუდოს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ნატო-ს მოკავშირეების მნიშვნელოვან რაოდენობას, მათ შორის - ესტონეთს. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ გავლენას ახდენს ესტონეთისა და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების მიმდინარე ან დაგეგმილ საქმიანობაზე, რომელიც უსაფრთხო და საიმედო ხელოვნური ინტელექტისა და მისი აპლიკაციების შექმნისკენ არის მიმართული“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი შეფასებით, ინოვაციური გადაწყვეტილებების საზოგადოებაში დანერგვის კუთხით, ესტონეთი მსოფლიო ლიდერია და ის თავის ცოდნასა და გამოცდილებას უამრავ ქვეყანას უზიარებს.
„როდესაც საქმე ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ეხება, ქვეყნებმა თანამშრომლობა უნდა გააფართოვონ და ტექნოლოგიების მიწოდებაზე მოკავშირეებისთვის შეზღუდვები არ დააწესონ“, - ამბობს ცაჰკნა.
„ევროკავშირი ფუნქციონირებს როგორც საერთო ბაზარი. ამიტომ, კვლევების სფეროში ჩვენთვის უფრო ადვილია, ვიყოთ ერთიანნი და შეერთებულ შტატებთან ერთად, არასანდო ტექნოლოგიებსა და გლობალურ ძალებს დავუპირისპირდეთ“, - განაცხადა მან.
„ესტონეთი კონტაქტშია აშშ-ს ხელისუფლებასთან და ევროკომისიასთან, რათა უზრუნველყოს ამ შეცდომის სწრაფი გამოსწორება“, - დასძინა მინისტრმა.
წყარო: 1tv.ge