ექსპერიმენტული ვაქცინა, რომლის მიზანიც ალცჰაიმერის დაავადების პროგრესირების შენელება ან პრევენციაა, თაგვებზე დაიტესტა. ადრეული შედეგები იმედი სმომცემია.
თაგვებს ინჟინერიით შეყვანილი ჰქონდათ გენი, რომელიც მათ ალცჰაიმერის მსგავსი დაავადების მაღალი რისკის ქვეშ აყენებდა; აღმოჩნდა, რომ ვაქცინაციის შემდეგ, მათ ძალიან ცოტა ამილოიდური ფირფიტები ჰქონდათ.
ამას გარდა, ნაკლებად ჰქონდათ თავის ტვინის ანთებაც და აღენიშნებოდათ გაუმჯობესება ქცევასა და ცნობიერებაში. ამის შესახებ იაპონიის ჯუნტენდოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევართა ჯგუფი იუწყება.
კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის და შესაბამისად, ზედმეტად არ უნდა აღვფრთოვანდეთ. შედეგები მკვლევრებმა ბოსტონში, ამერიკის გულის ასოციაციის 2023 წლის გულ-სისხლძარღვთა მეცნიერების სამეცნიერო სესიაზე წარმოადგინეს.
„ახალ ვაქცინაზე ჩვენ მიერ თაგვებზე ჩატარებული ტესტი მიგვანიშნებს დაავადების პრევენციის ან შეცვლის პოტენციურ გზაზე. თუ ვაქცინა ადამიანებშიც წარმატებული აღმოჩნდა, დიდი ნაბიჯი იქნება ამ დაავადების პროგრესირების გადავადების ან პრევენციისკენ“, — ამბობს გულ-სისხლძარღვთა მეცნიერი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჩიე-ლუნ ჰსიაო.
აქცინირებულ თაგვებს მნიშვნელოვნად შემცირებული ჰქონდათ ამილოიდური ფირფიტების დაგროვებაც თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქში — ტვინის რეგიონში, რომელიც დაკავშირებულია ენის დამუშავებასა და პრობლემების გადაჭრასთან.
„ალცჰაიმერის სამკურნალო სხვა ვაქცინებით თაგვებზე აქამდე ჩატარებული კვლევები წარმატებული აღმოჩნდა ამილოიდური ფირფიტების დალექვისა და ანთებითი ფაქტორების შემცირების თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენი კვლევა იმით განსხვავდება, რომ ჩვენმა SAGP ვაქცინამ თაგვებში ქცევაც უკეთესობისკენ შეცვალა“, — აღნიშნავს ჰსიაო.