ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ბევრი დიზაინერი აცნობიერებს, რომ ყველაზე ნაკლებად ღირებული უკვე თავად შესრულების პროცესი ხდება. თუ ადრე მთავარი უნარი ხარისხიანი დიზაინის შექმნა იყო, ახლა უფრო ფასდება ის, ვინც იცის რა უნდა შეიქმნას, რატომ და როგორ გადაჭრას მომხმარებლის პრობლემა სწორედ ამ საკითხს ეძღვნება Creative Boom-ის მორიგი მასალა.
პანიკის საფუძველი არ არსებობს
AI დიზაინერებს არ ანაცვლებს. როგორც წარსულში ფოტოგრაფიამ ვერ ჩაანაცვლა მხატვრობა და პროფესიონალურმა პროგრამებმა ვერ შეცვალა დიზაინერები, ისე AI-ც, უბრალოდ, კიდევ ერთი ინსტრუმენტია. მისი გამოყენება ბევრს შეუძლია, მაგრამ ადამიანურ უნარებს: გემოვნებას, განსჯას, გამოცდილებას, კრეატიულ აზროვნებასა და სწორი კითხვების დასმის უნარს ვერ ანაცვლებს.
დღეს სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ პროდუქტის შექმნა, არამედ იმის გააზრება, თუ რომელი იდეა ღირს განხორციელებად.
შეცვალეთ მიდგომა საკუთარი ნამუშევრებისადმი
დიზაინერებმა საკუთარი ღირებულების წარმოჩენის მეთოდიც უნდა შეცვალონ. პორტფოლიოში მხოლოდ საბოლოო შედეგის ჩვენება აღარ არის საკმარისი. ბევრად მნიშვნელოვანია იმის ახსნა:
- რა პრობლემა იდგა პროექტის წინაშე;
- რა გადაწყვეტილებები მიიღეთ მუშაობის პროცესში;
- რატომ შეარჩიეთ კონკრეტული მიდგომა;
- რა შედეგი მოუტანა ამ ყველაფერმა კლიენტს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყურადღება უნდა გადავიდეს ლამაზი ვიზუალებიდან პრობლემის გადაჭრის პროცესსა და მის ბიზნესეფექტზე.
განსჯისა და გემოვნების განვითარება
AI შეიძლება სწრაფად ქმნიდეს კონტენტს, მაგრამ არ შეუძლია ადამიანივით განსჯა. სწორედ ამიტომ, დიზაინერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი საკუთარი გადაწყვეტილებების გააზრება და არგუმენტირება ხდება.
ამის განვითარებაში შეიძლება დაეხმაროს:
- მიღებული გადაწყვეტილებების რეგულარული დაფიქსირება და ანალიზი;
- გამოცდილ პროფესიონალებთან ურთიერთობა და მენტორობა;
- სხვადასხვა სფეროს შემოქმედებითი ადამიანების დაკვირვება;
- მუზეუმების, გამოფენებისა და სახელოსნოების მონახულება;
- ეკრანის მიღმა არსებული ვიზუალური კულტურის შესწავლა.
ასეთი გამოცდილება აყალიბებს ინდივიდუალურ ხედვას, რომლის კოპირებაც AI-ს არ შეუძლია.
ექსპერიმენტები მცირე ნაბიჯებით დაიწყეთ
აუცილებელი არ არის კარიერის სრულად შეცვლა. საკმარისია მცირე პროექტებით დაიწყოთ, სადაც თავად განსაზღვრავთ იდეას, პროცესსა და მიმართულებას. ექსპერიმენტები, ახალი მიდგომების გამოცდა და მუდმივი სწავლა საშუალებას იძლევა, დიზაინერი თანდათან გადავიდეს მხოლოდ შემსრულებლის როლიდან შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ხელობის მნიშვნელობა არ ქრება
მიუხედავად იმისა, რომ AI ბევრ ტექნიკურ ამოცანას ამარტივებს, მრავალწლიანი პრაქტიკა კვლავ ფასეულია.
გამოცდილ დიზაინერს შეუძლია განსაზღვროს, არის თუ არა მიღებული შედეგი ნამდვილად ხარისხიანი. სწორედ ამიტომ, მომავალში უფრო მეტად დაფასდება არა საათები, რომლებიც დიზაინის შექმნას მოხმარდა, არამედ: პროფესიული გამოცდილება, სტრატეგიული ხედვა; სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; იდეის რეალურ და გამოყენებად პროდუქტად ქცევა.
AI-მ მხოლოდ დააჩქარა პროცესი, რომელიც დიზაინის ინდუსტრიაში უკვე დაწყებული იყო. ბაზარი სულ უფრო მეტად აფასებს სტრატეგიულ აზროვნებას, კრეატიულ ხედვასა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს, ვიდრე მხოლოდ ტექნიკურ შესრულებას.
ამ პირობებში დიზაინერებისთვის ყველაზე სწორი ნაბიჯებია საკუთარი აზროვნების პროცესის წარმოჩენა, მომხმარებლის რეალური პრობლემების უკეთ გააზრება, უწყვეტი სწავლა, ექსპერიმენტები და პროფესიული ხელობის შენარჩუნება. სწორედ ეს უნარები გახდება ის მთავარი უპირატესობა, რომლის ჩანაცვლებასაც ხელოვნური ინტელექტი ვერ შეძლებს.