ხელოვნური ინტელექტი მთელ მსოფლიოში ათასობით კვალიფიციური პროფესიონალისთვის ერთგვარ ტრიგერ სიტყვად იქცა. დაწყებული სტუდენტებით, რომლებიც გამოსაშვებ ღონისძიებებზე ტექნოლოგიურ რევოლუციასთან დაკავშირებულ გამოსვლებს აპროტესტებენ, სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანებით დასრულებული – საზოგადოება დაიღალა იმის მოსმენით, თუ რამდენად მარტივია მათი ჩანაცვლება. ბუნებრივია, საკუთარი პოზიციის ავტომატიზაციის პერსპექტივა არავისში იწვევს აღფრთოვანებას.
ექსპერიმენტებიდან რეალურ საოპერაციო მოდელამდე
ტექნოლოგიური ექსპერიმენტების ეტაპი დასრულდა და წარსულს ჩაბარდა იდეაც, თითქოს ეს უბრალო დამხმარე ინსტრუმენტია. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის განვითარების მეოთხე წელს კომპანიების უმრავლესობას უკვე მკაფიოდ აქვს გააზრებული, თუ რომელი საოპერაციო ფუნქციების ავტომატიზაციაა შესაძლებელი. Accenture-ის უახლესი ანგარიშიც ადასტურებს, რომ საპილოტე ვერსიებიდან ბიზნესი სრულფასოვან დანერგვაზე გადავიდა. გამოკითხული კომპანიების 64% უკვე იყენებს მოწინავე მოდელებს რეალურ წარმოებაში სხვადასხვა დეპარტამენტის მასშტაბით.
ორგანიზაციული ტრანსფორმაცია ბუნებრივად იწვევს სტრუქტურულ ცვლილებებს. პროგრამული უზრუნველყოფის სააგენტოების პრაქტიკა აჩვენებს, რომ სულ უფრო მეტი ბიზნესი ეძებს მორგებულ ავტომატიზებულ გადაწყვეტილებებს საკუთარი სამუშაო ძალის ოპტიმიზაციისთვის. გამოიწვევს თუ არა ეს შემცირებებს, კონკრეტულ ბიზნეს საჭიროებებზეა დამოკიდებული. მაგალითად, სტარტაპმა Remote დაამტკიცა, რომ შესაძლებელია თითოეულ თანამშრომელზე შემოსავლის 50%-ით გაზრდა ახალი კადრების აყვანის გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში, მენეჯმენტს მოუწევს ამ გარდაუვალი ცვლილებების შესახებ გუნდთან სწორი კომუნიკაცია, რათა საკუთარ გეგმებს საფრთხე არ შეუქმნას.
კომუნიკაციის შეცდომები და მათი ფასი
ახალი სტრატეგიის გამოცხადება დეტალურ დაგეგმვას მოითხოვს, სადაც დახურულ კარს მიღმა არსებული კორპორაციული ტერმინოლოგია საჯარო სივრცეში არ უნდა მოხვდეს. მენეჯერულ ენაზე რესურსების გადანაწილება და მომავლისკენ სვლა რეალურ ცხოვრებაში ადამიანებისთვის საარსებო წყაროს დაკარგვას და მათი მრავალწლიანი შრომის გაუფასურებას ნიშნავს. ამის ნათელი მაგალითია Standard Chartered-ის ხელმძღვანელის, ბილ ვინტერსის შეცდომა, რომელმაც განაცხადა, რომ ბანკი დაბალი ღირებულების მქონე ადამიანურ კაპიტალს ტექნოლოგიით ჩაანაცვლებდა. ინვესტორების მოხიბვლის მცდელობისას მან სრულად დააიგნორა ის ადამიანები, რომლებმაც ეს პროგრესი შესაძლებელი გახადეს. სიტუაციის გამოსწორების შემდგომი მცდელობები საზოგადოებამ სერიოზულად აღარ მიიღო, რამაც მის რეპუტაციას დიდი დარტყმა მიაყენა.
საფრთხის ქვეშ მხოლოდ რეპუტაცია არ დგას. სამსახურის დაკარგვის მუდმივმა შიშმა გუნდებში შიდა დინამიკა საგრძნობლად გააუარესა. ბევრი თანამშრომელი აღიარებს, რომ კოლეგიალობა და მენეჯერებთან ღია ურთიერთობები თანდათან ქრება, რაც პირდაპირი გზაა ტოქსიკური სამუშაო გარემოსკენ და აისახება პროდუქტიულობაზე.
გამჭვირვალობა, როგორც გამოსავალი
იმისათვის, რომ ტექნოლოგიურ გარდატეხაზე საუბარი კოშმარად არ იქცეს, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია აბსოლუტური გულწრფელობა. პროგრამულ სააგნტო Redwerk-ში რადიკალური გამჭვირვალობა ყოველთვის იყო კორპორაციული კულტურის საფუძველი, რაც როგორც კლიენტებთან, ისე გუნდთან ურთიერთობას აჯანსაღებს. როგორც მომხმარებელს არ უნდა მოუტყუო პროექტის ვადებზე, ისე თანამშრომელს არ უნდა შეუქმნა ყალბი ილუზია, რომ მისი პოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში ხელშეუხებელი დარჩება.
ცრუ დაპირებების ნაცვლად, უმჯობესია გუნდს პირდაპირ აუხსნათ, თუ როგორ იმოქმედებს ახალი ინსტრუმენტები მათ საქმიანობაზე. ტექნოლოგია მართლაც აჩქარებს და ავტომატურს ხდის ბევრ პროცესს, ამ რეალობის უარყოფა კი ნდობას სრულად აქრობს. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აპლიკაციების შექმნა დღეს ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდა. საინჟინრო პროცესები, რომლებსაც ადრე თვეები სჭირდებოდა, ახლა კვირებში სრულდება, რაც ათასობით კომპანიის ბიზნეს მოდელს ცვლის. სააგენტოების მთავარი ღირებულებაც უბრალო კოდირებიდან არქიტექტურაზე, უსაფრთხოებასა და პროდუქტზე ორიენტირებულ აზროვნებაზე გადადის.
ობიექტური მიდგომა და ემპათია
თანამშრომლებს, რომლბიც მზად არიან განვითარებისა და ახალი უნარების ათვისებისთვის, ჩანაცვლების შიში არ უნდა ჰქონდეთ. თუ კადრების შემცირება გარდაუვალია, პროცესი აბსოლუტურად ობიექტურ დამსახურებებზე უნდა იყოს დაფუძნებული. ლიდერებს აქვთ ძალა, რომ ეს რთული ეტაპი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ნაკლებად მტკივნეული გახადონ.
გამოკითხვების საშუალებით მარტივია იმის დადგენა, თუ ვინ არის მზად ახალი კვალიფიკაციის მისაღებად. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ გუნდში ყოველთვის აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამ ცვლილებას ახალი ცხოვრებისეული ეტაპის დასაწყებად გამოიყენებენ. ტექნოლოგიური გიგანტების მიერ გამოყენებული ნებაყოფლობითი კომპენსაციის პაკეტები მცირე კომპანიებისთვის ფინანსურად ხშირად მიუღწეველია.
წყარო: Fastcompany, www.marketer.ge