უფლებადამცველმა ჯგუფებმა და ექსპერტებმა YouTube მკაცრად გააკრიტიკეს პლატფორმის ყველაზე მოწყვლადი აუდიტორიისთვის, ბავშვებისთვის, დაბალი ხარისხის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეოების მიწოდების გამო. ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაცია Fairplay-ს ინიციატივით, 200-ზე მეტმა ორგანიზაციამ და დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მათ შორის ბავშვთა ფსიქიატრებმა და პედაგოგებმა, YouTube-ისა და Google-ის ხელმძღვანელებს, ნილ მოჰანსა და სუნდარ პიჩაის, ერთობლივი წერილით მიმართეს. ისინი ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ როგორც ძირითად, ისე ბავშვებისთვის განკუთვნილ აპლიკაციაში გენერირებული ვიდეოების უკონტროლო გავრცელების გამო. ეს წერილი იმ დიდი კამპანიისა და პეტიციის ნაწილია, რომელსაც ორგანიზაცია ბოლო პერიოდში აქტიურად აწარმოებს.
სპეციალისტების განმარტებით, ე.წ. AI ნაგავი უარყოფითად აისახება ბავშვების განვითარებაზე, რადგან ის ამახინჯებს რეალობის აღქმას, ტვირთავს სწავლის პროცესს და იპყრობს მათ ყურადღებას. შედეგად, მოზარდები ონლაინ სივრცეში ბევრად მეტ დროს ატარებენ და ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელ, რეალურ აქტივობებს ივიწყებენ. ეს საფრთხე განსაკუთრებით მწვავეა მცირეწლოვნებისთვის. ასეთი ტიპის კონტენტი ძირითადად სწრაფად ცვალებადი კადრებით, მკვეთრი ფერებით, მხიარული მუსიკითა და მანიპულაციური სათაურებით ხასიათდება, რაც სპეციალურად არის გათვლილი პატარა მაყურებლების ყურადღების მისაქცევად. სწორედ ამიტომ, ექსპერტები კომპანიისგან მოითხოვენ, რომ ყველა გენერირებულ კონტენტს მკაფიო ნიშანი დაედოს, ხოლო YouTube Kids-ზე მსგავსი ვიდეოები სრულად აიკრძალოს. გარდა ამისა, ინიციატივა გულისხმობს 18 წლამდე მომხმარებლებისთვის მსგავსი ვიდეოების რეკომენდაციების შეზღუდვას და მშობლებისთვის სპეციალური ფუნქციის დამატებას, რომელიც გენერირებული მასალის სრულად გათიშვის შესაძლებლობას მისცემთ.
კრიტიკის საპასუხოდ, პლატფორმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საბავშვო აპლიკაციისთვის მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული და ხელოვნური ინტელექტით შექმნილ კონტენტს მხოლოდ მცირე, მაღალი ხარისხის არხების სიით ზღუდავენ. მათი თქმით, მშობლებს ისედაც აქვთ არხების დაბლოკვის შესაძლებლობა, კომპანია კი მაქსიმალურად ცდილობს ტრანსპარენტულობის შენარჩუნებას – თავად ადებს შესაბამის ნიშნებს საკუთარი ინსტრუმენტებით შექმნილ მასალას და იმავეს ავალდებულებს კრეატორებს რეალისტური გენერირებული კონტენტის შემთხვევაში. თუმცა, პლატფორმის ამჟამინდელი პოლიტიკა ავტორებს არ მოთხოვს აშკარად არარეალისტური, მაგალითად, ანიმაციური ან სპეციალური ეფექტების მქონე ვიდეოების მონიშვნას. მიუხედავად ამისა, კომპანია აქტიურად მუშაობს საბავშვო აპლიკაციისთვის სპეციალური იარლიყების შემუშავებაზე და აცხადებს, რომ ეკოსისტემის განვითარებასთან ერთად, მათი მიდგომებიც დაიხვეწება.
უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ნებაყოფლობითი მონიშვნის პოლიტიკა და სინთეტიკური კონტენტის ზედმეტად შეზღუდული განმარტება იმას ნიშნავს, რომ ბავშვები კვლავ დაუსრულებლად უყურებენ გენერირებულ ვიდეოებს, რომლებსაც შესაბამისი გაფრთხილება არ ახლავს. მეტიც, ბავშვების უმეტესობას ჯერ კითხვაც არ შეუძლია, ამიტომ მსგავსი ტექსტის აღქმა მათთვის ფიზიკურად შეუძლებელია. ორგანიზაციის წარმომადგენლების ხედვით, პატარებისთვის ამგვარი კონტენტის მიწოდება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პლატფორმა ეკრანთან გატარებული დროის მაქსიმიზაციაზეა ორიენტირებული. მათი შეფასებით, გენერირებული ვიდეოები ერთგვარად აჰიპნოზებს ბავშვებს და ხელს უშლის ისეთ აუცილებელ აქტივობებში ჩართვას, როგორიცაა თამაში, ძილი და სოციალური ინტერაქცია. ალგორითმი კი ისეა მოწყობილი, რომ მსგავსი კონტენტისთვის გვერდის ავლა თითქმის წარმოუდგენელია.
ეს კამპანია რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას დაემთხვა. სულ ახლახან Google-ის ფონდმა მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო ანიმაციურ სტუდია Animaj-ში, რომელიც სწორედ ბავშვებისთვის ქმნის გენერირებულ ვიდეოებს და უზარმაზარ აუდიტორიას აგროვებს. პარალელურად, კალიფორნიის სასამართლომ სოციალური მედიის დამოკიდებულების ისტორიულ საქმეზე დაადგინა, რომ YouTube და Meta პლატფორმებს ისე აპროექტებდნენ, რომ ახალგაზრდა მომხმარებლები მიეჯაჭვათ, მათი კეთილდღეობის უგულებელყოფით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 2026 წლის დასაწყისში YouTube-ის ხელმძღვანელობამ დაბალხარისხიანი გენერირებული კონტენტის მართვა კომპანიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და აღნიშნა, რომ აქტიურად მუშაობენ არსებული სისტემების გაუმჯობესებაზე, რათა სპამისა და მანიპულაციური მასალის გავრცელება შეამცირონ.
წყარო: Fastcompany; www.marketer.ge