ვიდეოკონფერენციების სერვისს Zoom ვებინარების ჩატარების ფუნქცია დაემატა, რომლებშიც ერთდროულად 1 მილიონ ადამიანს შეუძლია მონაწილეობა.

კომპანიის ბლოგში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საარჩევნო კამპანიების ჩატარებაში დაეხმარება. მასობრივი ვებინარების ფუნქციით სარგებლობა ყოველთვიური და ყოველწლიური გამომწერებისთვის არის ხელმისაწვდომი.

კონფერენციის შექმნისას მომხმარებლები მონაწილეების საჭირო რაოდენობის არჩევას შეძლებენ - 10 ათასიდან მილიონ ადამიანამდე.

ფუნქცია ფასიანი იქნება. ვებინარის ღირებულება, რომელშიც 10 ათასი მომხმარებელი მიიღებს მონაწილეობას 9 ათასი დოლარი იქნება, მილიონი მონაწილის შემთხვევაში კი ეს თანხა 100 ათასამდე გაიზრდება. კონფერენციის ხანგრძლივობა 30 საათამდე იქნება.

ამ ეტაპზე ახალი ფუნქცია მხოლოდ ამერიკაში იქნება ხელმისაწვდომი.