საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დამოუკიდებელი საწარმოო ტრანსფუზიოლოგია, საკუთარი სისხლის ბანკი იფუნქციონირებს. ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის 2024 წლის სამოქმედო გეგმაში, რომელიც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პარლამენტს წარუდგინა.

შესაბამისი ცვლილებების შეტანა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში მოხდება.

მთავრობა განმარტავს, რომ თავდაცვის სამინისტროში ამ სისტემის არსებობა გულისხმობს სისხლის აღებას, კომპონენტების დამზადებას, შენახვას და ადმინისტრირებას, მუდმივად განახლებადი სტრატეგიული მარაგების შექმნას როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე საგანგებო ან საომარი მდგომარეობის, განსაკუთრებული სიტუაციების დროს.

მთავრობის ცნობით, სისხლის ბანკის ადმინისტრირებას დამოუკიდებლად, ა(ა)იპ-ის დაფუძნების გარეშე განახორციელებს სსიპ – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.

გარდა ამისა, 2025 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოში ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ სისხლის ჩაბარება აიკრძალება.კანონის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფოს სახელით დაფუძნებული, ცენტრალური სისხლის დაწესებულება კერძო სისხლის ბანკებს ჩაანაცვლებს. სისხლის ცენტრალური დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება და მის შექმნაზე 16 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ქვეყანაში შეიქმნება სისხლის სამი დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სისხლის შეგროვებაზე, დამუშავებაზე, ტესტირებაზე, შენახვასა და განაწილებაზე.