ოპოზიციონერი დეპუტატი კახა  ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს. „კომერსანტი“ კახა ოქრიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ გენო პეტრიაშვილს, ლაშა ტალახაძეს და ყველა იმ ქართველს, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიოში გააქვს და სიამაყით გვავსებს მეც და ჩვენს ხალხსაც. მათი შეერთება „ოცნებასთან“ თავიდან გამიკვირდა - სად ქართული დროშა, ჰიმნი, სიამაყე და სად რუსეთის მიმართ მორჩილების, მონობის პოლიტიკა, ეს ხომ შეუთავსებელია?!
თუმცა, ბატონმა ივანიშვილმა მეც და ჩვენი ხალხიც მრავალჯერ მოგვატყუა და თუ მთელი ერს ატყუებს, რა გასაკვირია, პეტრიაშვილიც და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!

რას ვგულისხმობ ტყუილში: 2012 წელს ციხის „ფეიკი“ კადრებით და ჩვილის უცნაური სიკვდილის ტრაგედიით  მოვიდა ხელისუფლებაში. ხალხს დაპირდა უფასო ფულს და დენს, იაფ ბენზინს, მაღალ ხელფასებს, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, პარალელურად, ევროკავშირში შესვლას და 2017 წელს საქართველოს წალკოტად ქცევას, მსოფლიო რუკაზე ჩვენი ქვეყნის „მეორე შვეიცარიად“ დასმას...

2020 წლის არჩევნებზე იგივე ფინტი ჩაგვიტარა: „დაგვიბრუნა“ დავით გარეჯი, „წალკოტად აქცია“ წყალტუბო, ანაკლიაში „ააშენა“ პორტი და სასტუმროები და ა.შ.

რა ხდება ახლა, 2024 წელს - ხელისუფლებაში დარჩენა უნდა დაპირებების გარეშე: წინა დაპირებებიდან არაფერი შეგისრულეთ, მაგრამ ომი რომ არ არის ქვეყანაში, ესეც დიდი მიღწევააო. კარგია, რომ ომი არ არის, მაგრამ „ქოცური“  პოლიტიკა ომის საშიშროებას რომ ზრდის ?! რატომ - იმიტომ, რომ მოკავშირე აღარ დარჩა ქვეყნის გარეთ და არც რუსეთთან  დალაგდა და ვერც მომავალში დალაგდება ურთიერთობები, დასავლეთის და თურქეთის მხარდაჭერის გარეშე. სამწუხაროდ, ახლა, ეს ძალა ჩვენთვის საყვარელ ადამიანებსაც მოტყუებით იყენებს, რათა გაიხანგრძლივოს საქართველოსთვის დამანგრეველი მმართველობა.“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

NS