ონის ავტოსადგური "მგზავრები" სტიქიის ზონაში დარჩენილ დამსვენებლებს დახმარებას სთავაზობს.
„ავტოსადგური ,, მგზავრები " ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო! ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! უსასყიდლოდ დავეხმარებით სტიქიის ზონიდან ხალხს გადაადგილებაში, ასევე თბილისიდან დახმარების მსურველ ადამიანებს ჩავიყვანთ შოვის ტერიტორიაზე. დაგვირეკეთ 599 12 09 29,“ -ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული. ორი მათგანი მაშველებმა გუშინ იპოვეს.
ონის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელშიც ჩართული არიან 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები. დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.