აინშტაინის ფარდობითობის თეორია ამბობს, რომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ შორეულ და, შესაბამისად, უძველეს სამყაროს, რომელიც ბევრად უფრო ნელა მოძრაობდა, ვიდრე დღეს. სამყაროს გაფართოების სიჩქარე გავლენას ახდენს დროის მსვლელობაზე. თუმცა, ჯერჯერობით წარსულში ჩახედვა შეუძლებელია. დღეს უკვე „კვაზარ საათების" გამოყენებით მეცნიერებმა სამყაროს ევოლუციის ადრეულ ეტაპზე დაკვირვება შეძლეს. სამეცნიერო სტატია Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც უძველეს სამყაროში დრო 5-ჯერ ნელა გადიოდა.

„როდესაც წარსულში ვიხედებით, კონკრეტულად 12,7 მილიარდი წლის წინ, ჩვენ ვხედავთ, რომ დრო 5-ჯერ უფრო ნელა მიედინება. თქვენ რომ იმ დროში გეცხოვრათ, ერთი წამი ერთ წამად მოგეჩვენებოდათ. თუმცა, ჩვენი გადმოსახედიდან ეს ის წამი არ იქნებოდა, რაც ახლაა", — აცხადებს სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორი გერაინტ ლუისი.

კვაზარი ძალიან ნათელი და აქტიური შავი ხვრელია, რომელიც გალაქტიკის ცენტრშია. კვლევის ავტორებმა 2,45-დან 12,17 მილიარდი წლის წინანდელი 190 კვაზარის მონაცემები შეისწავლეს. დადგინდა, რომ სამყაროს დაჩქარებული გაფართოების გამო, ჩვენ ვხედავთ, რომ კვაზარების ქცევაში ცვლილებები 5-ჯერ უფრო ნელა ხდება, ვიდრე მაშინ მოხდებოდა, ისინი რომ ახლოს ყოფილიყვნენ.