2024 წელს თბილისში 40 346 ბინა გაიყიდა, 2023 წელთან შედარებით ზრდა 1%-ია, თუმცა 2022 წლის მაჩვენებელს 6%-ით ჩამორჩება. შარშან გასაყიდი ბინის საშუალო ფასი მ²-ზე 1 320 დოლარს აღწევდა, რაც წლიურად 7%-იანი ზრდა არის. 2022 და 2023 წლებთან შედარებით შემცირებულია ქირის ფასი 9.7 დოლარამდე. ინფორმაციას Galt & Taggart-ი ავრცელებს.

მათივე განცხადებით, 2025 წელს მოთხოვნის შენელებაა მოსალოდნელი შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის გამო - ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებული შენელება, ლარის გაუფასურება და იჯარის შემოსავლიანობის მოსალოდნელი შემცირება უძრავი ქონების მოთხოვნაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები იქნება.

2024 წლის მაისში გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა (-42% 2024 წლის იანვარ-აპრილის საშუალოსთან შედარებით) თბილისის ქუჩებში მიმდინარე პროტესტისა და დასვენების დღეების სიმრავლის გამო. ივნისში მოთხოვნა ნაწილობრივ აღდგა, თუმცა მაინც დაბალ ნიშნულზე დარჩა, რადგან მსყიდველუნარიანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ იმყოფებოდა ევრო 2024-ზე.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, გაყიდვები სრულად აღდგა ივლისში, რასაც ხელი შეუწყო რამდენიმე ფართომასშტაბიანი პროექტის დაწყებამ და ბაზარზე გაზრდილმა არჩევანმა. ოქტომბერში, წინასაარჩევნო გარემომ კიდევ ერთხელ განაპირობა გაყიდვების შენელება, თუმცა ოქტომბერში დაგროვილი მოთხოვნის გამო ნოემბერში გაყიდვები კვლავ გაიზარდა. დეკემბერში თბილისის ქუჩებში მიმდინარე პროტესტის შედეგად ბინების გაყიდვები 9%-ით შემცირდა, თუმცა ეს ვარდნა მოსალოდნელზე მსუბუქი იყო.

რაც შეეხება ქირას, თბილისში ქირის ფასები 2024 წელს მეტწილად სტაბილური იყო, კვადრატულ მეტრზე 10 აშშ დოლარის ფარგლებში. ეს ტენდენცია დეკემბერშიც შენარჩუნდა და თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2) ქირის ფასმა კვადრატულზე 9.7 აშშ დოლარი შეადგინა. ეს წლიური 9%-იანი შემცირებაა. შარშან თბილისში ჯამში 3.1 მილიარდი დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 7.1%-იანი ზრდაა. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების [51-80 მ2] დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, ასევე ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1,000/მ2 ) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.