3 მარტის მეტეოროლოგიური მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ნალექი, ზოგან თოვლის სახით, შესაძლებელია ქარბუქი, დღის ბოლოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი.
ტემპერატურა ღამით -4 გრადუსამდე დაეცემა, მაღალ მთაში კი მოსალოდნელია -16-იც.
სიტუაციას ისიც ართულებს, რომ სტიქიის ერთ-ერთ ეპიცენტრში, გურიაში, 2024 წლის გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, 1 638 ოჯახი მეწყერსაშიშ ან ეროზიულ ზონაში ცხოვრობს. მათ შორის, მაღალი საშიშროების რისკის ქვეშ მოქცეულია - 79 ოჯახი. წლევანდელ უხვ ნალექს, გეოლოგების ვარაუდით, შესაძლოა ზვავი და წყალმოვარდნები მოჰყვეს.
გეოლოგ ლაშა სუხიშვილის თქმით, სტიქიის ზონაში მოვლენების განვითარება თოვლის დნობის პროცესზეა დამოკიდებული: თუ თოვლი სწრაფად დადნება, შესაძლოა დიდთოვლობამ ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიაროს.
რაც შეეხება საპირისპირო სცენარს, ამ შემთხვევაში, აუცილებელია, მეწყერსაშიში ფერდების გამოყოფა, შემდეგ კი იმის დადგენა, თუ რა რაოდენობის ნალექი გამოიწვევს ფერდების დესტაბილიზაციას.
,,ყველაფერი დამოკიდებულია თოვლის მასის დადნობას რა დრო დასჭირდება. დნობის რეჟიმზეა ზოგადად დამოკიდებული, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი. თუ დიდ ხანს გაგრძელდა, შეიძლება გადავრჩეთ და ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიაროს თოვლის დნობის პროცესმა. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ დასავლეთ საქართველო: აჭარა, იმერეთი, გურია, ამ რეგიონების ფერდები და მდინარეები ასე თუ ისე უხვ ნალექთან არიან ადაპტირებული. მაგალითად, წვიმის ინტენსივობა, რომელსაც შეუძლია აღმოსავლეთ საქართველოში მეწყრული პროცესი განავითაროს, დასავლეთ საქართველოსთვის დაძლევადია. სწორედ ეს მაძლევს იმის იმედს, რომ იქნებ არაფერი მოხდეს. თუ თოვლი სწრაფად დადნა, ამან შეიძლება გამოიწვიოს მდინარეზე წყალმოვარდნა.
რა თქმა უნდა, რაღაც ობიექტები, სადაც წყლის მოვარდნა სავარაუდოა, თუმცა მგონია, რომ უფრო დეტალური კვლევა არის ჩასატარებელი. პირველ რიგში, მეწყერსაშიში ფერდები უნდა გამოიკვეთოს, შემდეგ კი დადგინდეს, რა რაოდენობის წყალი განაპირობებს ამ ფერდების დესტაბილიზაციას და განისაზღვროს დატბორვის არეალები- სხვადასხვა სცენარით, რა ტერიტორიები იტბორება.
ასევე, დეტალური ანალიზის გაკეთების დროს აუცილებლად უნდა იყო გათვალისწინებული, თოვლის მოსვლამდე რა ამინდი იყო რეგიონში - გრუნტი გაჯერებული იყო უკვე წყლით თუ არა”,- აღნიშნა გეოლოგმა ,,კომერსანტთან” ინტერვიუში.